უკან დაბრუნება

ღირსისა ბასილი რატიშვილისა (XIII);

ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა.

წმიდა დემეტრე თავდადებულის (ხს. 12 მარტს) მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა. გაუთავებელ ომებს ქართველთა სისხლი ეწირებოდა. ამას ზედ დაერთო ჩვენი ცოდვების გამო გარდამოვლენილი სასჯელი ღვთისა - საშინელი მიწისძვრა, რომელმაც მთელი სამცხე და ქართლი დაანგრია.

ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა, დაიწყო შინაომები, ქართველები მტრებსაც კი აღემატებოდნენ უზნეობით და ურჩობით. დემეტრე მეფეს კვლავ უწევდა მსხვერპლის გაღება, რასაც თანამედროვენი რენეგატობასა და სისუსტეში უთვლიდნენ. 15 წლის მეფე პოლიტიკური მოსაზრებით ტრაპიზონის სამეფოს ტახტის მფლობელის კომნენოსის ასულზე დააქორწინეს. შემდეგ, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შერთეს, მესამე ცოლად კი თავად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. ასე რომ, ყოველგვარი სულიერი სათნოებით გამორჩეული, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა ხელის ამპყრობელი მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა. უსაყვარლესი დაჲ თამარი არღუნ ყაენს მისცა რძლად, რომელიც შემდეგ მიხრწნილმა სადუნ მანკაბერდელმა გამოისყიდა და ცოლად დაისვა; მცირეწლოვანი ასული რუსუდანი კი მონღოლთა დიდ ნოინს - ბუღას ვაჟს მიათხოვა.

ამგვარი საქციელის გამო მეფე ამხილა საქართველოს კათოლიკოსმა ნიკოლოზმა და როცა ვერარა შეასმენინა, თავად განიძარცვა ეკლესიის საჭეთმპყრობელის პატივი.

წარმართებში აღრეული მეფის სამხილებლად წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი. მეფეს მიეახლა და ვითარცა მოციქულმა, ამხილა ცოდვათა გამო, მოუწოდა დაეტოვებინა „უწესონი ქორწინებანი“, სამაგიეროდ კი შეჰპირდა: „მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“.

ღირსმა ბასილიმ მეფესთან ერთად მთავრებიც ამხილა და მათი დაფარული გულისზრახვანი გააცხადა. დემეტრემ და მისმა ამალამ უგულუბელს-ჰყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი. მაშინ წმიდა ბერმა მომავალი უწინასწარმეტყველა მეფეს: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინენ და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღვთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუაჲ ჩემი. უკეთუ ეგო უწესობასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.

გაოგნებულმა მეფემ მდუმარედ მოისმინა ბერის სიტყვები და თავი დადრიკა, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მალე გაცხადდა ბასილი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება. საქართველოს მეფესა და მის ერზე განსაცდელი გარდამოვიდა. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების გამო დემეტრე მეფე ურდოში დაიბარეს. „ბოროტად და უპატიოდ“ მოიკლა ქრისტეს მიერ შეყვარებული მეფე მძლავრთა მიერ, „სხუამან დაიპყრა“ სამეფო მისი - იმერეთიდან დავით ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, „შვილნი მისნი მიმოდაიბნინენ“: ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ - ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოლღარმა თავის სახლობას წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე კი - გიორგი (მომავალი გიორგი ბრწყინვალე) ნათელასთან ერთად ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გამოზარდა.

ასე მოუვლენდა უფალი „ჟამით-ჟამამდე“ საქართველოს სამხილებლად და გამოსაფხიზლებლად წმიდანებს, რომელთა სახელები ცათა შინა არს დაწერილი.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.