წმიდა წინასწარმეტყველი იერემია, ძველი აღთქმის ოთხ უდიდეს წინასწარმეტყველთაგან ერთ-ერთი, იყო ანათოთელი მღვდლის ექელკისიას შვილი. იგი მოღვაწეობდა იუდეველთა სახელმწიფოს ისტორიის ყველაზე მძიმე პერიოდში - ისრაელის მეფის იოსიასა და მისი ოთხი მემკვიდრის მეფობის ჟამს. 15 წლის იერემიას გამოცხადებით ეუწყა, რომ შობამდე იყო მოწოდებული წინასწარმეტყველად. მას შეეშინდა ასეთი დიდი და მძიმე მსახურებისა, რადგან ჯერ ყრმა და გამოუცდელი იყო, მაგრამ უფალმა თანადგომა და მფარველობა აღუთქვა. „და განყო უფალმა ჴელი მისი და შეახო პირსა ჩემსა და თქვა უფალმან ჩემდამო: აჰა, მიგცენ, სიტყვანი ჩემნი პირსა შენსა. აჰა, დაგადგინე შენ დღეს ნათესავსა ზედა და მეფობასა აღმოფხუარად და აღფხრად და წარწყმედად და აღშენებად და დანერგვად“ (იერ. 1, 9-10).
იერემია ყოველ ღონეს ხმარობდა ცოდვებისაგან დამძიმებული თანამემამულეების მოსალოდნელი ღვთის რისხვისაგან დასახსნელად. 23 წლის მანძილზე წინასწარმეტყველებდა იგი, ქადაგებდა იერუსალიმის ტაძარში, ქალაქის კარიბჭესთან, მეფის სასახლეში, მოედნებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, ამხელდა იუდეველებს ჭეშმარიტი ღვთისგან განდგომისა და კერპთაყვანისმცემლობისათვის.
ბაბილონელთაგან იუდეველთა მომავალი დამონების ნიშნად, ღვთის ბრძანებით იერემია ქედზე ატარებდა ჯერ ხის, შემდეგ კი რკინის უღელს. მისი საშინელი წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა იუდეველმა უხუცესებმა იერემია ბინძურ ჭაში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ნესტისაგან სიკვდილი ემუქრებოდა, ერთ ღვთისმოშიშ საჭურისს - აბიმელექს რომ არ გამოეხსნა.
იერემიას წინასწარმეტყველება მალე ახდა: ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა იუდეა დაიპყრო, ხალხი ამოწყვიტა, დარჩენილები ტყვედ წაასხა, იერუსალიმი კი გაძარცვა და დაარბია. თავად იერემია გაათავისუფლეს, არჩევანის უფლებაც მისცეს - წასულიყო ბაბილონში, ან სამშობლოში დარჩენილიყო. იერემია ნანგრევებადქცეულ ქალაქში დარჩა, რადგანაც მიაჩნდა, რომ იუდეაში მის ყოფნას მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო ხალხისათვის. გადმოცემით, წინასწარმეტყველმა აღთქმის კიდობანი გადამალა ნაბათის მთის ერთ-ერთ ნაპრალში ისე, რომ იუდეველებს მისი მოძებნა არ შეძლებოდათ (2 მაკ; 2). შემდგომ გააკეთეს ახალი კიდობანი, მაგრამ მას ძველის დიდება არ ჰქონდა.
სამშობლოში დარჩენილ იუდეველებს შორის მტრობა ჩამოვარდა. ქალდეველთა მიერ იუდეაში ერისმთავრად დანიშნული ღოთოლია მუხანათურად მოკლა ერთმა იუდეველმა მხედარმა, შემდეგ კი გაექცა შურისმაძიებელთა რისხვას და არონიტელებს შეაფარა თავი. იუდეველთა უმრავლესობა ეგვიპტეში გაიხიზნა. თავად იერემიაც, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეგვიპტის ქალაქ ტაფნისში წაიყვანეს. აქ იგი ოთხი წელი ცხოვრობდა და ეგვიპტელების დიდი პატივისცემითაც სარგებლობდა. როდესაც იერემიამ იწინასწარმეტყველა ბაბილონელთა შემოჭრა ეგვიპტეში და იქ მცხოვრები ებრაელების ამოჟლეტა, იუდეველებმა წინასწარმეტყველი ქვებით ჩაქოლეს. იმავე წელს იერემიას წინასწართქმა ახდა. არსებობს გადმოცემა, რომ 250 წლის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა წინასწარმეტყველის ნეშტი ალექსანდრიაში გადაასვენა.
იერემიას ეკუთვნის ძველი აღთქმის წიგნი „გოდება“ იერუსალიმის დაქცევის გამო და ეპისტოლე. მისი მოღვაწეობის პერიოდზე საუბარია მეფეთა მეორე (23, 24, 25) ნეშტთა მეორე (36-12) და მაკაბელთა მეორე (2) წიგნებში.
მათეს სახარებაში მითითებულია, რომ იუდას მიერ მაცხოვრის გაცემა ნაწინასწარმეტყველებია იერემიას მიერ: „მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მივიღე ოც და ათი იგი ვერცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაელისათა. და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკაცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ (მათ. 27, 9-10).
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.