უკან დაბრუნება

ღირსთა: მიქაელ და არსენ ულუმბოელთა (IX);

ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი, იერუსალიმის პატრიარქის, სერგის (843-859) თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს „წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოჲ“. როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერ-მონაზვნობისთვის ულუმბოზე.

პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენიებული პირი - არსენი არის წმიდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყუერელ ეპისკოპოსისა“. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.

როცა ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი (ხს. 19 ნოემბერს) ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი.

ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონ ქართველს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა „კაცთა უცხოთა და უმეცართა“ ელინთა ენისა, რომელთა შესახებ არ იცოდა, „კეთილად ზრახვენ ანუ მართალი წარმუნოებაჲ უპყრიეს“. ასეთი „უმშჯავრო“ განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამასახლისს: „ნუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკჳდრებად არიან მთასა ამას მათისა ენისა მეტყუელნი?“

ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე (ხს. 12 ივლისს) და მისი შვილი - ღირსი ექვთიმე (ხს. 13 მაისს).

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი, ღირსნი მამანი მიქაელი და არსენი.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.