წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303) სიყრმითგანვე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად. დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ერაზმმა გადაწყვიტა გარიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და ქალაქში დაბრუნება უბრძანა. როცა შემხვედრი მხედრები წმიდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმიდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. წმიდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმიდა ერაზმი სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს. საპყრობილეში ჩაკეტილი ქრისტეს აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმიდა ერაზმმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. რომის იმპერიის დასავლეთის მფლობელმა მაქსიმიან პერკულმა ბრძანა წმიდანის შეპყრობა და სამსჯავროზე მიყვანა. წმიდა ერაზმმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმიდანი ცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ, როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. გათავისუფლებულმა ერაზმმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაათავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.