უკან დაბრუნება

ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცათა შინა იერუსალიმს (351);

იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული (351 წ). პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი კონსტანცი, რომელიც არიოზის ერესის მიმდევარი იყო. წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასამტკიცებლად იერუსალიმში სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა: 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო მთელი ხალხი. ჯვრის გამოცხადება დაიწყო გოლგოთის მთის თავზე, სადაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს და სწვდებოდა ელეონის მთამდე, რომელიც გოლგოთიდან 15 სტადიონით არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელის ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა. სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, აღდგომის ტაძარში მიიჩქაროდნენ სალოცავად.

ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387) ეპისტოლეთი აცნობა იმპერატორ კონსტანცს და მოუწოდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. ძველი ეკლესიის მეისტორიე სოზომენეს გადმოცემით, წმიდა ჯვრის ცაზე გამოსახვის სასწაულით მრავალი იუდეველი და ელინი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.