საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30
რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო. ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს. და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა. ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე, რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ. რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა. და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად. და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად. ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს, რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.
ლკ. 51 დას. X, 16-21
რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.
და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა. ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა. აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს. ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა. მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.