უკან დაბრუნება

VII მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება (787)*;

ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში უკანასკნელი მსოფლიო საეკლესიო, რიგით მეშვიდე კრება ახალი მწვალებლობის, ე.წ. ხატთმებრძოლეობის (ხატთმბრძოლობის) წინააღმდეგ საბრძოლველად და მის აღმოსაფხვრელად შეიკრიბა ქ. ნიკეაში (საიდანაც დაიწყო 325 წელს მსოფლიო საეკლესიო კრებათა ისტორია) 787 წლის 24 სექტემბერს და ერთი თვე გაგრძელდა. კრების 8 სხდომიდან 7 გაიმართა ქ. ნიკიაში ტარასი კონსტანტინოპოლელის თავმჯდომარეობით, ხოლო ბოლო სხდომა - კონსტანტინოპოლში - იმპერატორთა (ირინე და კონსტანტინე) მონაწილეობით და თავმჯდომარეობით. სხვადასხვა წყაროს ჩვენებით, კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსთა რიცხვი 330-დან 367-მდე მერყეობს).

მოკლედ იმ მოვლენების შესახებ, რომელიც კრების მოწვევამდე განვითარდა ქრისტიანულ სამყაროში: ისტორიკოს კედრენის მოწმობით, ხატთმებრძოლეობის ერესიარხად ვინმე ებრაელი, სახელით სარანტაჰიქი არის დასახელებული, რომელმაც ჩააგონა არაბთა მეფე იზიდას, გაენადგურებინა ხატები, როგორც კერპთაყვანისმცემლობის ნაშთი. ეს ახალი ერეტიკული მოძღვრება მალე ბიზანტიის იმპერიაშიც გავრცელდა ლეონ ისავრიელმა სასტიკი ომი გამოუცხადა ხატთაყვანისმცემლობას: მან მოსპო ხატები და საკულტო სკულპტურული გამოსახულებანი. ის სასტიკად უსწორდებოდა ყველას, ვინც კი მის ბრძანებას წინააღმდეგობას გაუწევდა.

იოანე დამასკელს ხატების დასაცავად დაწერილი თხზულებისათვის მარჯვენა ხელი მოჰკვეთეს, ხოლო ქრისტიანობის დოგმების დამცველი კონსტანტინოპოლის პატრიარქი გერმანე კათედრიდან ჩამოაგდეს და კათედრაზე იმპერატორის იდეების დამცველი ანასტასი აიყვანეს. საქმეს არ უშველა არც გრიგოლ პაპის მიერ რომში შეკრებილმა კრებამ და მის მიერ იმპერატორისადმი გაგზავნილმა ეპისტოლემ და არც პაპის ანათემამ, არც იმპერატორისათვის იტალიაში ხელისუფლების ჩამორთმევამ (რა თქმა უნდა, მხოლოდ პაპის ფორმალური დადგენილებით). ხატების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო შორს წავიდა ლეონის მემკვიდრე - კონსტანტინე, კოპრონიმად წოდებული. მან კონსტანტინოპოლში მოიწვია საეკლესიო კრება და 300-ზე მეტ ეპისკოპოსს ძალდატანებით ხელი მოაწერინა დადგენილებაზე ხატების გაუქმების შესახებ. ვინც წინააღმდეგ წავიდა, სასტიკად აწამეს.

კრებამ განკვეთა და ანათემა გამოუცხადა გერმანე კონსტანტინოპოლელს, გიორგი კვიპრელს და იოანე დამასკელს - ხატთა თაყვანისცემის ყველაზე თავგამოდებულ დამცველებს. არაფერი შეცვლილა ლეონ მეოთხის ხანმოკლე მეფობის დროსაც. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა მისმა მეუღლემ ირინემ და შვილმა კონსტანტინემ გადაწყვიტეს, ეს მტკივნეული საკითხი მსოფლიო კრებაზე განხილულიყო. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პავლემ უარი თქვა კათედრაზე, როგორც ცოდვილმა, რადგან მან ხელი მოაწერა კონსტანტინე კოპრონიმის დადგენილებას ხატების მოსპობის შესახებ. პავლე მონასტერში დაბრუნდა. მის ნაცვლად ხელდასხმული ტარასი შეუდგა იმპერატორთა დავალების შესრულებას - მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევის თადარიგს. ხატთმებრძოლებმა, რომლებიც დიდი ხანია კონსტანტინოპოლში ბატონობდნენ, დაიწყეს ხალხის ამხედრება კრების მოწვევის საწინააღმდეგოდ და ერთ ხანს საწადელსაც მიაღწიეს - კრების საკითხი დროებით გადაიდო, ხოლო ბოლოს მოიწვიეს არა კონსტანტინოპოლში, არამედ ნიკეაში.

კრებამ ჰუმანურობა გამოიჩინა და ვისაც ხელი ჰქონდა მოწერილი კოპრონიმის დადგენილებაზე, მაგრამ აღიარა შეცდომა, ყველას ეპატია. ბევრი მათგანი, ვისაც სამღვდელო ხარისხები მიღებული ჰქონდათ ხატთმებრძოლთა მიერ, დატოვებულნი იქნენ თავიანთ ხარისხში, თუ მათ სხვა დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი. კრებამ აღადგინა ხატთაყვანისცემა და განკვეთა მწვალებელნი - კონსტანტინოპოლის ყოფილი პატრიარქები: ანასტასი, კონსტანტინე და ნიკიტა. კრებამ, გარდა დოგმატური საკითხების მოწესრიგებისა, დაადგინა 22 დისციპლინარული კანონი, რომლებიც შესულია ძირითად კანონიკურ კოდექსში.