იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე მაცხოვრის საფლავის ტაძრის აშენების შესახებ ახალი მონაცემები წარმოადგინეს


იერუსალიმის ქრისტიანულ კვარტალში რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტის არქეოლოგების მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად მაცხოვრის საფლავის ტაძრის შესახებ ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი.
 
მაცხოვრის საფლავის ტაძარი IV ს-ის ეკლესიაა, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს მთავარ ტაძარს წარმოადგენს.
 
პრესკონფერენციაზე, რომელსაც იერუსალიმის საპატრიარქოს, კათოლიკური და სომხური ეკლესიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ ტაძრის ადგილას თავდაპირველად ქვის მომპოვებელი კარიერი უნდა ყოფილიყო. ამას მოწმობს ღრმა ჭრილები კლდოვან მასაში და ქვის ბლოკების ნაშთები.
 
ქვის მოპოვების კვალი ჩანს ტაძრის ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, სადაც ზოგიერთი ღარის სიგრძე 5 მეტრს აღწევს.
 
ქვის კარიერი მიატოვეს რკინის ხანაში (ძვ.წ. 1200-500 წწ.) და მას უკვე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდნენ - ზეთისხილის და ყურძნის მოსაყვანად.
 
ახ. წ.-ით 70 წელს, იერუსალიმის ალყის შემდეგ ეს ადგილი მიატოვეს. მოგვიანებით იმპერატორმა ადრიანემ (117-138) იერუსალიმის ნაცვლად ახალი რომაული კოლონია და ქალაქი - ელია კაპიტოლინა დააფუძნა; ძველი ქვის სამტეხლოს ადგილას კი წარმართული ტაძარი ააშენა, რომელმაც კონსტანტინე I დიდის მეფობამდე, IV ს-მდე იარსება.
 
იერუსალიმის პატრიარქმა, მაკარი I-მა სთხოვა იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა გათხრების ჩატარების ნებართვა იმ ადგილას, სადაც გადმოცემის მიხედვით დაკრძალული იყო იესო ქრისტე. შედეგად აღმოაჩინეს კლდეში გამოკვეთილი საფლავი, რომელიც პატრიარქმა მაკარიმ მაცხოვრის დასაფლავების ადგილად მიიჩნია.
 
ამჟამად გათხრები მიმდინარეობს ტაძრის ჩრდილოეთ გასასვლელთან, რათა სიღრმისეულად შეისწავლონ რომაული კულტურის სტრუქტურა და ისტორია. დამატებითი სამუშაოები მოიცავს ბაზილიკის და მისი მინაშენების დოკუმენტალიზაციას, სამშენებლო მასალების ანალიზს, რის შემდეგაც უკეთესად იქნება შესაძლებელი ქალაქის კულტურული ევოლუციის აღქმა.

მსგავსი განცხადებები: