- 2024/12/25
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 47-ე წლისთავზე
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, მამებო, დედებო, ძვირფასო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს.
დღეს არის წმინდა დიდი მღვდელმთავრის, სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება. დღეს ასევე აღინიშნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების დღე, 47-ე წლისთავი მისი აღსაყდრებიდან.
ეს დღე ჩვენთვის არის ყოველთვის გამორჩეული, ამაღლებული, სიხარულით სავსე, როდესაც ვფიქრობთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ღვაწლზე; რაოდენ დიდი, მასშტაბური და ეპოქალურია მისი ღვაწლი.
მაქვს პატივი, წმინდა სინოდის სახელით დღეს წავიკითხო მისი უწმინდესობისა და უნეტარესობისადმი მისალოცი სიტყვა:
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ!
დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47-ე წლისთავს.
მაქვს პატივი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი.
1977 წელს, 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდ, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი ათწლეულები გველოდა, ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა; ვმადლობთ უფალს, რომ მან აღამაღლა რჩეული ერისაგან თვისისა (იხ. ფს. 88, 20).
სიტყვაში, რომელიც თქვენ იმ ისტორიულ დღეს ამბიონიდან წარმოთქვით, აღნიშნეთ, რომ ქედს იხრით საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს თქვენი ძალა და გონება. მას შემდეგ 47 წელია, რაც თქვენ ღირსეულად ატარებთ პატრიარქობის უმძიმეს ჯვარს და მთელი ამ წლების განმავლობაში ქადაგებთ ,,სასუფეველსა ღმრთისასა და ასწავლით უფლისა იესუ ქრისტესთვის ყოვლითა განცხადებულებითა დაუბრკოლებელად“ (იხ. საქ. 28, 31).
„რომ ვუყურებ ჩემს წარსულს, ვხედავ, რომ იგი ყოველდღიური მოწამეობა იყო და დღესაც ასეა, რომ არა ღვთის მადლი და შემწეობა და თქვენი სიყვარული და თანადგომა, ამ ჯვრის ტვირთვას ვერ შევძლებდი", - აღნიშნავთ თქვენ.
თქვენი მოწამებრივი მსახურება, რაზეც თქვენ ბრძანებთ, ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია და თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია. ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი, გვაძლევს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი უმაღლესი ქმნილება, ადამიანი; როგორ თავდაუზოგავად უნდა ვემსახუროთ სამშობლოს და როგორ სათუთად უნდა ვუფრთხილდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს.
თქვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი მუდამ იყო მშვიდობისა და ერთსულოვნების დამყარება თქვენს სამწყსოში, რითაც ასრულებთ წმინდა პავლე მოციქულის მოწოდებას: „ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა მით მშვიდობისათა“ (ეფ. 4, 3). „ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს... მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა“, - ბრძანეთ თქვენ და გვჯერა, რომ თუ ჩვენ, თქვენი სამწყსო, თქვენი მსახურების მაგალითს გავითავისებთ, ისევე როგორც წარსულში, თქვენი ლოცვითა და სულიერი წინამძღოლობით, უფალი დღესაც შეგვაძლებინებს იმ რთული გამოწვევების გადალახვას, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამასთან, გვახსენდება თქვენი მანუგეშებელი სიტყვები:
„მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.“
თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღევანდელ საზეიმო დღეს, დიდი სიყვარულით მადლობას გიხდით თქვენი დიდი ღვაწლისთვის, მამობრივი ზრუნვისა და იმ დიდი ნუგეშისათვის, რომელიც ჩვენ გვმატებს სულიერ ძალას და შემართებას. ბედნიერია ქართველი ერი, რომელსაც ჰყავს თქვენნაირი სულიერი წინამძღოლი. შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს და ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს, რომ გაგაძლიეროთ სულიერად და ხორციელად, მოგმადლოთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა! თქვენი ლოცვით და წინამძღოლობით ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და გამთლიანება! ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი
25.12.2024
ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/09/02
- 2024/05/22
- 2024/06/01
- 2024/08/02
- 2024/11/23
- 2024/12/19