მსოფლიო პატრიარქის კატეხეტური სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დასაწყისისათვის (2025)


კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის კატეხეტური სიტყვა წმიდა და დიდი მარხვის დასაწყისისათვის (2025)
 
† ბართლომეოსი
წყალობითა ღმრთისათა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა – ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
 
ყოველსა სავსებასა ეკლესიისასა
 
ჩვენი უფლისა და მხსნელი იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა, ჩვენს ლოცვასთან, კურთხევასა და მიტევებასთან ერთად, იყოს თქვენ ყოველთა თანა
 
* * *
 
საყვარელნო ძმანო მღვდელმთავარნო და შვილნო კურთხეულნო უფლისა მიერ,
 
ყოვლადკეთილი ღმრთის ნებითა და მადლით, კვლავ შევდივართ წმიდა და დიდ მარხვაში – კურთხეულ პერიოდში მარხვისა და სინანულისა, სულიერი სიფხიზლისა და უფალთან ერთად მოგზაურობის ჟამისა, რომელიც ნებაყოფილობითი ვნებებისაკენ მიემართება, რათა ღირსნი გავხდეთ მისი დიდებული აღდგომის თაყვანისცემისა და ჩვენი საკუთარი გადასვლისა მიწიერიდან იმისაკენ, „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია და კაცს გულში არ გაუვლია“ (1 კორ. 2:9).
 
ადრეულ ეკლესიაში წმიდა და დიდი მარხვა კათაკმეველთა მომზადების პერიოდს წარმოადგენდა, რომელთა ნათლობა აღესრულებოდა აღდგომის დღესასწაულის საღმრთო ლიტურგიაზე. ეს კავშირი ნათლობასთან კვლავაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას, რადგან დიდი მარხვის გაგება და გამოცდილება განიხილება, როგორც სინანულის განსაკუთრებული დრო, რომელიც აღიწერება, როგორც „ნათლობის განახლება“, „მეორე ნათლობა“, „ღმერთთან ახალი ცხოვრების აღთქმა“ – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნათლობის მადლთა განახლება და აღთქმა ღმრთის წინაშე ახალი ცხოვრების გზის დასაწყებად. ამ პერიოდის საღმრთო მსახურებანი და საგალობლები მორწმუნეთა სულიერ ბრძოლას მაცხოვრის აღდგომის მოლოდინთან აკავშირებს, ხოლო ორმოცდღიანი მარხვა აღდგომის სიხარულის კეთილსურნელებას ასხივებს.
 
წმიდა და დიდი მარხვა შესაძლებლობას გვაძლევს შევიცნოთ ჩვენი რწმენის სიღრმე და სიუხვე, როგორც „პირადი შეხვედრა ქრისტესთან.“ მართლაც, საგანგებოდ არის ხაზგასმული, რომ ქრისტიანობა „განსაკუთრებით პირადულია,“ თუმცა ეს არ უნდა გავიგოთ, როგორც „ინდივიდუალისტური.“ მორწმუნეები „შეხვდებიან, შეიცნობენ და შეიყვარებენ ერთსა და იმავე ქრისტეს,“ რომელმაც „მხოლოდ მან და მხოლოდ თავად გამოავლინა ჭეშმარიტი და სრულყოფილი ადამიანი“ (ნიკოლოზ კაბასილა). ის მოუხმობს ყველა ადამიანს – და თითოეულს პირადად – ცხონებისათვის, რათა ყოველი ადამიანის პასუხი „ერთობლივ რწმენაზე იყოს დაფუძნებული“ და „ამავდროულად იყოს უნიკალურიც.“
 
გავიხსენოთ წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვები: „მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღმრთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის“ (გალ. 2:20). ამ შემთხვევაში, სიტყვები „ჩემში,“ „ჩემთვის“ და „მე“ არ ეწინააღმდეგება სიტყვებს „ჩვენში,“ „ჩვენთვის“ და „ჩვენ,“ რომლებიც ჩვენს „ერთობლივ ხსნას“ აღნიშნავს. ღმერთის მიერ, ცხოვრების ქრისტეში განახლების ზეციური მადლისადმი მუდმივი მადლიერებით, თავისუფლების მოციქული „საერთოს საკუთარად მიიჩნევს,“ თითქოს წინასაუკუნო ღმრთის სიტყვა განკაცდა, ჯვარს ეცვა და აღდგა „პირადად მისთვის.“
 
ჩვენი რწმენის გამოცდილება „უნიკალურია“ და „ღრმად პირადი,“ როგორც თავისუფლება, რომელიც ქრისტემ მოგვმადლა, და ამავდროულად, იგი „ფუნდამენტურად საეკლესიო“ გამოცდილებაა, „საერთო თავისუფლების“ განზომილება. ქრისტეში ყველაზე ჭეშმარიტი თავისუფლება გამოიხატება სიყვარულში და კონკრეტული მოყვასისადმი ზრუნვაში, როგორც ეს აღწერილია კეთილი სამარიტელის იგავში (ლკ. 10:30–37) და უკანასკნელი განსჯის შესახებ მაცხოვრის სიტყვებში (მთ. 25:31–46). ამავდროულად, ეს თავისუფლება ვლინდება სამყაროსადმი პატივისცემასა და მზრუნველობაში, ასევე, ქმნილებისადმი ევქარისტიულ დამოკიდებულებაში. ქრისტეში თავისუფლებას ახასიათებს როგორც პიროვნული, ისე საყოველთაო ბუნება, რაც განსაკუთრებით წარმოჩნდება დიდმარხვის ასკეტურ და მარხვისეული გაგებაში. ქრისტიანული თავისუფლება, როგორც ყოფიერების ავთენტურობა და სისავსე, არ გულისხმობს მოღუშულ ასკეტიზმს, მადლისა და სიხარულისგან დაცლილ ცხოვრებას, „თითქოს ქრისტე არასდროს მოსულიყოს.“ უფრო მეტიც, მარხვა არ არის მხოლოდ „საკვებისაგან თავშეკავება,“ არამედ, უწინარეს ყოვლისა, „ცოდვისგან განდგომა,“ ეგოიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სიყვარულით საკუთარი თავის დატოვება მოყვასის საკეთილდღეოდ, „გული, რომელიც მთელი ქმნილების გულისთვის იწვის.“ სულიერების ყოვლისმომცველი ბუნება მკვიდრდება დიდმარხვის გამოცდილებაში, როგორც გზა აღდგომისაკენ და ამავდროულად, როგორც „ღმრთის შვილთა დიდებული თავისუფლების“ (რომ. 8:21) წინასაწარი გემო.
 
ვევედრებით ჩვენს მაცხოვარს, იესო ქრისტეს, რათა ღირსჰყოს ყველა ჩვენგანი წმიდა და დიდებული მარხვის გზაზე სვლისა ასკეზით, სინანულით, მიტევებით, ლოცვითა და ღმრთისმიერი თავისუფლებით. და ვასრულებთ ჩვენი სულიერი მამის, ყოვლადუსამღვდელოესის მელიტონ ქალკედონელის მიერ, 1970 წელს ათენის სამიტროპოლიტო ტაძარში, ყველიერის კვირიაკეს საღმრთო ლიტურგიის დროს წარმოთქმული სიტყვებით: „როდესაც დიდმარხვაში შევდივართ, დასასრულს ჩვენ გველის ხილვა, სასწაული და აღდგომის გამოცდილება – ეს უმთავრესი გამოცდილებაა მართლმადიდებელი ეკლესიისა. წავიდეთ ამ ხილვისა და გამოცდილებისკენ, მაგრამ არა მიტევებისა და მიტევებულობის გარეშე, არა მხოლოდ ხორცისა და ზეთის მარხვით, არა თვალთმაქცური განწყობით, არამედ ღმრთაებრივი თავისუფლებით – სულითა და ჭეშმარიტებით, ჭეშმარიტების სულში და სულის ჭეშმარიტებით.“
 
წმიდა და დიდი მარხვა 2025
 
† ბართლომეოს კონსტანტინოპოლელი
მარად თქვენთვის მლოცველი წინაშე ღმრთისა

მსგავსი განცხადებები: