საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომა


10 და 11 მარტს საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედი წმინდა სინოდის სხდომები გაიმართა ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს თავმჯდომარეობით.
 
მუდმივმოქმედმა წმინდა სინოდმა, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ განაცხადა:
 
"ვინაიდან უკანასკნელ ხანებში წამოიჭრა საკითხი, თუ რამდენად დასაშვებია წმინდა ტრაპეზის უკან "ჯვარცმის" განთავსება და დიდი ხუთშაბათის ღვთისმსახურებაზე მისი ტაძარში შემოტარება, წმინდა სინოდმა ღვთისმსახურებისა და სამოძღვრო საქმიანობის სინოდალური კომისიის მოხსენების შემდეგ, გადაწყვიტა:
 
1. წმინდა ტრაპეზის უკან ქრისტეს ჯვრის განთავსება მიღებული ტრადიციაა და საპატრიარქოებსა და ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებში ვხვდებით, ისევე როგორც დიდ ხუთშაბათს "ჯვარცმის" შემოტარება და მისი თაყვანისცემა.
 
2. ეკლესიის თეოლოგიაში, როგორც ეს მამათა ნაშრომებსა და წინდა ჰიმნოგრაფიაში ვლინდება, ქრისტეს ჯვარი მჭიდროდ უკავშირდება მის აღდგომას - "ჯვარსა შენსა თაყვანისვცემთ მეუფეო და წმინდასა აღდგომასა შენსა ვადიდებთ". ქრისტეს ჯვრისა და აღდგომის საიდუმლო ერთიანია.
 
3. ეკლესიის ტიპიკონში ცვლილებების შეტანა შესაბამისი სინოდალური ორგანოების გადაწყვეტილებით ხდება.
 
წმინდა სინოდი ადევნებს რა თვალს სირიაში მიმდინარე მოვლენებს, სრულ თანადგომას უცხადებს ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-ს და ლოცულობს ღვთისადმი, ერთის მხრივ მისი და ამ უძველესი საპატრიარქოს კლირიკოსებისა და მრევლის გაძლიერებისათვის და მეორეს მხრივ, სირიელი ხალხის მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის.
მუდმივმოქმედმა წმინდა სინოდმა, მოისმინა რა უძლურებაში მყოფი კონიცის მიტროპოლიტ ანდრიას საკითხის შემსწავლელი სამკაციანი კომისიის მოხსენება, საბერძნეთის ეკლესიის მართვა-გამგეობის შესაბამისი პარაგრაფის საფუძველზე კონიცის სამიტროპოლიტო დაქვრივებულად გამოაცხადა და მის ადგილისმცველად იოანინის მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნა.
 
პირველი მსოფლიო კრების მოწვევიდან 1700 წლის შესრულებასთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა გადაწყვიტა:
 
ა) 2025 წლის 1 ივნისს, წმინდა მამათა კვირას, ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოს იერონიმეს მეთაურობით ჩატარდეს სინოდალური საღვთო ლიტურგია, რომელზეც ქადაგებას ნავპაქტოს მიტროპოლიტი იეროთეოსი წარმოთქვამს.
 
ბ) 2025 წლის 2 ივნისს მოწვეულ იქნას საბერძნეთის ეკლესიის იერარქიის წმინდა სინოდის კრება, რომლის ერთადერთი საკითხი პირველი მსოფლიო კრება იქნება და მოხსენებას მესინიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი წარმოთქვამს.
 
წყარო: https://www.romfea.gr/epikairotita-xronika/68366-oloklirothikan-oi-ergasies-tis-dis-minos-martiou-apofaseis

მსგავსი განცხადებები: