ამა წლის 4 აპრილს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა თბილისში, ზღვისუბანში მდებარე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს. წიგნის ბუდეში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის უამრავი ახალი წიგნი განთავსდა.
„მცირე პაუზის შემდეგ კვლავ გავხსენით სკვერის ბიბლიოთეკა; ამჯერად ზღვისუბანში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ეზოში, სადაც შესანიშნავი საგანმანათლებლო სივრცეა მოწყობილი. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს უამრავი წიგნი მივუტანეთ და სამომავლოდაც დავპირდით მხარდაჭერას“, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.
ღონისძიებას სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი შაშვიაშვილი და 154-ე და მე-14 საჯარო სკოლების ღირებულებითი განათლების კლუბის წევრი მოსწავლეები დაესწრნენ.