- 2025/04/18
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოს I-ის სააღდგომო გზავნილი (2025)
ბართლომე, წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა - ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი
ეკლესიის მთელ სისავსეს - მადლი, მშვიდობა და წყალობა დიდებით აღმდგარი ქრისტეს მიერ.
უპატიოსნესნო ძმანო, მღვდელმთავარნო და უფლისმიერ კურთხეულნო შვილნო.
ღვთის წყალობითა და ძალით ლოცვასა და მარხვაში გადავცურეთ რა წმინდა და დიდი ორმოცეულის ზღვა და მივაღწიეთ ყოვლადსაჭამებელ პასექამდე, ვუგალობთ ჯოჯოხეთად ჩასულ და თავისი მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ყოველთათვის სამოთხის მომპოვებელ დიდების უფალს.
აღდგომა წარსულის რომელიმე მოვლენის გახსენება კი არაა, არამედ ჩვენი მყოფობის კეთილად შეცვლა, "სხვა დაბადება, მეორე ცხოვრება, სიცოცხლის ახალი სახე, ამ ჩვენი ბუნების გარდაქმნა". აღდგომილ ქრისტეში ადამიანთან ერთად მთელი შესაქმეც განახლდება. როდესაც პასექის კანონის მესამე ოდას ვგალობთ, მაშინ ცხადდება, რომ მთელი ყოვლიერება დაუვალ ნათელზეა დამყარებული და მისითაა აღვსილი. "ქრისტემდე" და "ქრისტეს შემდეგ" არა მხოლოდ ადამიანთა მოდგმის ისტორიისათვის, არამედ მთელი შესაქმისთვისაა აქტუალური.
უფლის მკვდრეთით აღდგომა წარმოადგენს ახალი აღთქმის ყველა ტექსტის დანიშნულების მუდმივ წერტილს და არა მხოლოდ სახარების, არამედ ლიტურგიული ცხოვრებისა და ქრისტიანთა კეთილმსახურების ბირთვსაც. მართლაც, ეკლესიის თეოლოგია შეჯამებულია "ქრისტე აღდგაში". სიკვდილის ბატონობის გაუქმების განცდა წყაროა გამოუთქმელი სიხარულისა, რომელიც თავისუფალია ამ სამყაროს ბორკილებისაგან. "ყოველივე სიხარულითაა აღსავსე, აღდგომის გამოცდილების მიმღებელი". დიდი სიხარულის მიმღებელი აღდგომა განმსჭვალავს მთელ საეკლესიო ცხოვრებას, წეს-ჩვეულებებსა და სამოძღვრო საქმიანობას, ვინაიდან იგია მამის, ძის და წმინდა სულის საუკუნო სასუფევლის ცოდნისა და სიხარულის წინა-გემოსხილვა. მართლმადიდებელი სარწმუნოება და უსასოობა ორი არაურთიერთთავსებადი განზომილებაა.
პასექი ადამიანისთვის არის თავისუფლებისა და გამარჯვების დღესასწაული უცხო ძალების წინააღმდეგ, ჩვენი მყოფობის გაეკლესიურება, მოწოდება სინერგიისაკენ სამყაროს გარდასაქმნელად. ეკლესიის ისტორია წარმოადგენს "ერთ დიდ აღდგომას", მსვლელობას "ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისაკენ". აღდგომის განცდა წარმოადგენს ქრისტესმიერი თავისუფლების ცენტრსა და ესქატოლოგიურ განზომილებას. მაცხოვრის აღდგომის შესახებ ბიბლიური მოწმობები წარმოაჩენენ მორწმუნეთა თავისუფლების ძალას, რომელშიც, და მხოლოდ მასში, ცხადდება „დიდი საკვირველება“, რომელიც მიუახლებელი რჩება თითოეული იძულებისათვის. მორწმუნის ქრისტესადმი მიახლების საღვთო საბოძვრად აღიარება წარმოადგენს ადამიანის მიმართ აღდგომილის სიყვარულისმიერ და მაკურნებელ მიახლებაზე თავისუფალ პასუხს.
ქრისტეს წმინდა, დიდი ეკლესიისათვის სააღდგომო სიხარულის წყაროს წელს მთელი ქრისტიანული სამყაროს მიერ პასექის ერთდროულად დღესასწაულობაც წარმოადგენს, ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700-ე წლისთავთან ერთად, რომელმაც დაგმო არიოზის სწავლება და დააწესა მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის წესი. ნიკეის კრებამ სათავე დაუდო ახალ პერიოდს ეკლესიის სინოდალურ ისტორიაში - ადგილობრივი კრებიდან მსოფლიო კრებაზე გადასვლის პერიოდს. როგორც ცნობილია, პირველმა მსოფლიო კრებამ შემოიტანა სარწმუნოების სიმბოლოში "არაწერილისეული" ტერმინი "თანაარსი", მკაფიოდ სოტერიოლოგიური დანიშნულებით, რომელიც კვლავ რჩება ეკლესიის დოგმატთა არსებით მახასიათებლად. სწორედ ამ გაგებით, საიუბილეო თარიღის დღესასწაული წარსულისაკენ მიტრიალება არაა, რამდენადაც "ნიკეის სული" უწყვეტად იმყოფება ეკლესიის ცხოვრებაში, რომლის ერთიანობაც მისი სინოდალური იდენტობის მართებულ გაგებასა და განვითარებაში მდგომარეობს.
ნიკეის პირველი მსოფლიო კრება გვახსენებს საერთო ქრიტიანულ პირველსახეებსა და ჩვენი უმწიკვლო სარწმუნოების შებღალვის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის მნიშვნელობას და მიგვითითებს, რომ ეკლესიის გარდამოცემის არსი ღრმად იქნას გააზრებული. წელს პასექის უწმინდესი დღის ერთობლივად დღესასწაულობა წარმოაჩენს თემის აქტუალურობას, რომლის გადაწყვეტაც არა მხოლოდ ნიკეის კრების დადგენილებათა მიმართ ქრისტიანობის პატივისცემას გამოხატავს, არამედ იმ ცნობიერებასაც, რომ "ამგვარ სიწმინდეში არაფერი განსხვავებული არ უნდა იყოს".
ამგვარი გრძნობებით, აღდგომის სიხარულითა და სინათლით აღვსებულნი ვღაღადებთ სამყაროს მახარობელ "ქრისტე აღდგას". დაე, პატივი მივაგოთ პასექის წმინდა დღეს, სიკვდილით სიკვდილის დამთრგუნველის მიმართ ჩვენი სარწმუნოების გულითადი აღიარებით, რომელმაც ყველა ადამიანსა და მთელ შესაქმეს მიანიჭა გამოხსნა, რათა ყოველი ჩვენგანის მიერ იდიდებოდეს უფლის ზეციური სახელი.
ფანარი, წმინდა პასექი, 2025
კონსტანტინოპოლელი
აღდგომილი ქრისტეს მიმართ ყველა თქვენგანისთვის დაუცხრომლად მლოცველი
მსგავსი განცხადებები:
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2022/08/25
- 2023/08/08
- 2023/10/18
- 2023/10/28
- 2023/11/13
- 2023/12/01
- 2023/12/19
- 2024/04/19
- 2024/11/27
- 2024/12/24
- 2024/12/24
- 2025/03/12
- 2025/04/18
- 2025/04/21