მიმდინარე წლის 27 აპრილს, კვირაცხოვლობას, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ეგიდით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა „ღირებულებითი განათლების კლუბების“ საანგარიშო ღონისძიება, რომელიც აღდგომის დღესასწაულის მიეძღვნა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი თამარ მახარაშვილი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ამავე სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი ბერიკა შუკაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის მენეჯერი, ქალბატონი ანა კუდუხაშვილი, პროექტში ჩართული სასულიერო პირები და პედაგოგები და სხვა მოწვეული სტუმრები.
სტუმრებმა დაათვალიერეს და გაეცნენ პროექტის ფარგლებში ბავშვების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს, მოუსმინეს საგალობლებს, სიმღერებს და მხატვრულ ნომრებს. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას ქადაგებით მიმართა მიტროპოლიტმა შიომ, მან დალოცა მოსწავლეები და ისაუბრა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სკოლებში დაარსებული არაფორმალური განათლების კლუბების მნიშვნელობაზე:
„პატივცემულო მინისტრის მოადგილევ, ქალბატონო თამარ, მასწავლებელთა სახლის თანამშრომლებო, პატიოსანო მამებო, ძმებო და დებო, ძვირფასო ბავშვებო, პირველ რიგში, გილოცავთ დღევანდელ დღეს - კვირაცხოვლობას. შეგვეწიოს ამ დღის მადლი. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
ქრისტე აღდგა!
როგორც მოგეხსენებათ, უკვე მეორე წელიწადია, რაც საქართველოს ეკლესიამ განათლების სამინისტროსთან ერთად წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც სკოლებში ჩამოვაყალიბეთ „ღირებულებითი განათლების კლუბები“ და როგორც აქ ბრძანეს, ამ მცირე პერიოდში უკვე 1000-ამდე ბავშვია მასში ჩართული, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა. ამ პროექტის ფარგლებში მოზარდები ეცნობიან უმთავრეს ღირებულებებს, რომლებზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი ქვეყანა და იზრდებოდნენ ჩვენი წინაპრები. ეს არის რწმენა, სამშობლო, პატრიოტიზმი, ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული და სხვადასხვა ფასეულობა, რომელთაც ბავშვები ეზიარებიან და ეცნობიან ქრისტიანულ დამოკიდებულებას ამ ღირებულებებისადმი.
ღირებულებითი განათლების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდისათვის. ამ საკითხზე მსჯელობდნენ ჯერ კიდევ უძველეს დროში. მაგალითად, არისტოტელე წერდა ასეთ რამეს, რომ დასადგენია განათლების მიზანი: ბავშვებს უნდა განვუვითაროთ გონებრივი შესაძლებლობები, თუ ვიზრუნოთ მათ ზნეობრივ თვისებებზე?! რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ორივე აუცილებელია: გონებრივი, ინტელექტუალური განათლება და განვითარებაც და ზნეობრივიც, იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ჰარმონიული ადამიანი. ამ სიტყვებს ხშირად იყენებენ, რომ „განათლების მიზანი არის ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბება“, მაგრამ არ აზუსტებენ, რაში მდგომარეობს ეს ჰარმონია. ჩვენ, ქრისტიანული ეკლესია, ვამბობთ, რომ ჰარმონიული განათლება, ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბება შეუძლებელია ქრისტიანული ღირებულებების მიღების გარეშე, ამ ღირებულებებით აღზრდის გარეშე. აი, სწორედ ამ დიდებულ მიზანს ემსახურება „ღირებულებითი განათლების კლუბები“.
ძალიან სასიხარულოა, რომ აქ მუშაობის მეთოდოლოგია არ შემოიფარგლება მხოლოდ პედაგოგის მიერ ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციით, არამედ აქვს ინტერაქციული რეჟიმი, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა, კამათი მოზარდებსა და პედაგოგებს შორის, არიან მოწვეული სტუმრები, ბავშვები ძალიან აქტიურად მსჯელობენ. ასევე ეწყობა ექსკურსიები ქალაქში, ქალაქგარეთ, რისი მეშვეობითაც ბავშვები ეცნობიან ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს და, საერთოდ, საეკლესიო ცხოვრებასთან უფრო ახლოს მიდიან და ეცნობიან. ასევე იმართება კონკურსები, დისკუსიები. ეს ყველაფერი აცოცხლებს, ძალიან სასიამოვნოს და სასარგებლოს ხდის ამ პროცესს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს ჩართულობისა და დახმარების გარეშე ეს საქმე ვერ დაიწყებოდა და ვერ განხორციელდებოდა. მადლობას გიხდით ამ თანადგომისა და თანამშრომლობისთვის. ასევე მადლობას გიხდით მასწავლებელთა სახლის თანამშრომლებს, პედაგოგებს, ჩვენს ძვირფას მამებს უანგარო მსახურებისთვის და მადლობას გიხდით ასევე, ძვირფასო ბავშვებო, ასეთი ცოცხალი ინტერესისთვის, მონდომებისთვის, სულ უფრო მეტი და მეტია მოთხოვნა ამ კლუბების დაარსებაზე სკოლებში, რაც ძალიან გვახარებს. ეს იმის ნიშანია, რომ ნაყოფიერი და სასარგებლო პროექტია.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.
ღვთის მადლით, იმედია, ეს პროექტი კიდევ უფრო ფართოდ განივრცობა, გაძლიერდება ჩვენს ქვეყანაში და დიდ წვლილს შეიტანს სულიერი და ძლიერი, პატრიოტი თაობის აღზრდის საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ!“
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ ასევე განათლების მინისტრის მოადგილე ქალბატონი თამარ მახარაშვილი და პროექტში ჩართული საერო და სასულიერო პირები, პედაგოგები და მოსწავლეები.
„ღირებულებითი განათლების“ პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და განათლების სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს, მოზარდს ჩამოუყალიბოს სწორი დამოკიდებულებები საკუთარი თავის, სამყაროს, სხვა ადამიანებისა და მის ირგვლივ მომხდარი მოვლენების შესახებ; მოამზადოს მომავალი ცხოვრებისთვის მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე. ამავდროულად, პროექტის ფარგლებში, საგანგებოდ ამ კლუბების ფუნქციონირებისათვის გადამზადდნენ სასულიერო პირები და პედაგოგები, რომლებიც ყოველკვირეულად ხვდებიან მოსწავლეებს. ისინი სხვადასხვა სკოლასთან დაარსებულ არაფორმალური განათლების კლუბებში მოზარდებს დამატებით, ინტერაქციული სწავლების მეთოდით ესაუბრებიან ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა რწმენა, ოჯახი, სამშობლო, ადამიანი. კლუბებში ტარდება შეხვედრები, დისკუსიები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. „ღირებულებითი განათლების“ ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი ხორციელდება, მათ შორისაა, „გაიცანი შენი ქალაქი“. ის მოძღვარს, მასწავლებელს და მოზარდს აძლევს საშუალებას, ეწვიონ მათივე ქალაქში ან ქალაქთან ახლოს მდებარე ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებსა და მუზეუმებს. პროექტის ფარგლებში, პერიოდულად იმართება სპექტაკლები, რომლებიც წმინდანთა ცხოვრების განსაკუთრებული ღვაწლის შესახებ უამბობს მოზარდებს და მათ თვალწინ აცოცხლებს უკვე წაკითხულ ნაწარმოებებს თუ ბიოგრაფიებს. „აღმოაჩინე ქრისტიანული მარგალიტები ხელოვნებაში“ ამავე პროექტის ნაწილია, ის მოზარდს ასწავლის დაკვირვებას და ეხმარება, აღმოაჩინოს და დაინახოს, როგორ არის კულტურა და ხელოვნება გამსჭვალული უფლის რწმენით.
საგულისხმოა, რომ „ღირებულებითი განათლების კლუბების“ ფარგლებში კიდევ მრავალი აქტივობა იმართება. პროექტის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ „ღირებულებითი განათლების კლუბები“ მცირე პერიოდში სკოლებში სიკეთისა და სიბრძნის ნათელ წერტილებად იქცა და მათ ყოველკვირეულ ღონისძიებებში დედაქალაქის მასშტაბით ამჟამად 1000-მდე მოზარდია ჩართული.
მოამზადა თამარ ასათიანმა
ფოტო: ნინო სოზაშვილი