პეტრიწონის მონასტერში ქართულ-ბულგარული სულიერებისა და კულტურის ცენტრი გაიხსნა


2 ივლისს პეტრიწონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენების დღეს პეტრიწონში გაიხსნა ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი და ჩატარდა საზეიმო ღვთისმსახურება სრულიად ბულგარეთის პატრიარქის, უწმინდესი დანიელის მეთაურობით. მის უწმინდესობასთან ერთად თანამსახურებდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, პეტრიწონის მონასტრის წინამძღვარი, ველიჩკის ეპისკოპოსი სიონი, ბროვაცკის ეპისკოპოსი იოანე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მონასტრისა და ბულგარეთის ეკლესიის სამღვდელოება.
 
ამ დღეს პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს მონასტერში შეიკრიბნენ ჩვენი თანამემამულეები სოფიადან, ვარნადან, ბურგასიდან, სასულიერო პირები სხვადასხვა ეპარქიებიდან - ბულგარეთის ეკლესიისა და საქართველოდან, მორწმუნე მრევლი. ღვთისმსახურებაში მონაწილეობა მიიღო გორის საკათედრო ტაძრის გუნდმა.
 
მიტროპოლიტმა ანდრიამ წაიკითხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, მიძღვნილი ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნისადმი და მისი უწმინდესობის სახელით გადასცა სამახსოვრო საჩუქარი ბულგარეთის პატრიარქ დანიელს, ველიჩკის ეპისკოპოს სიონს და ბატონ დავით ქობლიანიძეს.
 
გთავაზობთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილს ამ მოვლენასთან დაკავშირებით:
 
"ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნის გამო პეტრიწონის მონასტერში
 
დღეს განსაკუთრებული დღეა ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიათა ურთიერთობაში, რადგან საყოველთაოდ ცნობილი ბაჩკოვოს, იგივე პეტრიწონის, ქართულ მონასტერში 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგ იხსნება ბულგარულ-ქართული სულიერებისა და კულტურის ცენტრი, გამოხატულება მადლიერებისა იმ ღვაწლისადმი, რაც დიდმა გრიგოლ და აბას ბაკურიანისძეებმა ამ დიდებული სავანის დაარსებით გასწიეს ბულგარეთისა და საქართველოს წინაშე.
 
ჩვენ ვართ სულიერი სიხარულით აღვსილნი, რომ ნეტარხსენებული პატრიარქის, ნეოფიტეს მიერ დაწყებული საქმე, ამ სავანის წინამძღვრისა და ველიჩკის ეპისკოპოსის, მეუფე სიონის, დიდი მონდომებითა და ძალისხმევით, თქვენი უწმინდესობის პატრიარქობის ჟამს, თქვენი კურთხევითა და მზრუნველობით, უკვე დასრულდა. ამ საქმეში გამორჩეული ძალისხმევა გასწიეს ბულგარეთში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა, ქველმოქმედებმა: ბატონმა დავით ქობლიანიძემ და ბატონმა პაატა გამგონეიშვილმა, ასევე, მნიშვნელოვანია ქართული სათვისტომოს წარმომადგენელთა: ვლადიმერ თუთბერიძის, გიორგი ჟორდანიას, გიორგი კახიანის და ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ღვაწლი.
 
გულითად მადლობას ვწირავთ ყველას სიკეთის არდავიწყებისთვის, რაც ნებისმიერი ერის უდიდესი ღირსებაა და, სამწუხაროდ, ხშირად არ ხდება.
 
და აი, ჩვენს წინაშეა სულიერების ცენტრი სამი დარბაზით: სავანის აღმაშენებელთა, - ძმების გრიგოლ და აბას ბაკურიანისძეების; მონასტრის პირველი წინამძღვრის, გრიგოლ პეტრიწის და სასწავლებლის პირველი რექტორის, ცნობილი ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის, ასევე ბულგარეთის თურქოკრატიამდელი ბოლო პატრიარქისა და ერის მამად წოდებულის, წმ. ექვთიმეს სახელობის ბიბლიოთეკა.
 
ამ პიროვნებების ერთ სივრცეში შეკრება კიდევ ერთხელ შეახსენებს ყველას, რომ უფლის სადიდებლად გაღებულ ღვაწლს არა აქვს საზღვრები, რომ ღირსეულ წინაპართა ამაგი წუთისოფლის წარმავლობას არ ექვემდებარება და ღვთის მადლსა და მარადიულობას გვაზიარებს.
 
დიდად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სწორედ დღეს აღინიშნება უდიდესი სიწმინდის, ბაჩკოვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ხსენება; მჯერა, ჩვენთან ერთად ხარობენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმ. იოანე ნათლისმცემელი, წმ. გიორგი, წმ. ნიკოლოზი, წმ. მიქაელ მთავარანგელოზი, წმინდა მოციქულნი, თეოდორე ტირონი, თეოდორე სტრატილატი, წმინდა ლაზარე და ყოველნი წმიდანნი, რომელთა სახელობის ტაძრებიც ამ კომპლექსში არსებობს; ხარობენ სავანის დამფუძნებლები და საუკუნეთა მანძილზე აქ მოღვაწენი.
 
მათი ლოცვით ყოვლადწმინდა სამებამ მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყნები და ეკლესიები და განამტკიცოს მართლმადიდებელთა ერთობა, ამინ!"
 
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
 
02.07.2025

მსგავსი განცხადებები: