გორისა და ატენის ეპარქიის სასულიერო პირთათვის ტრენინგი ჩატარდა


საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირთათვის გრძელდება საბაზისო ტრენინგების ჩატარება ,,ღირებულებითი განათლებისა" და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდების" შესახებ.
 
მორიგი, რიგით მესამე ტრენინგი 7 და 8 ივლისს გორისა და ატენის ეპარქიაში ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად სამთავისისა და კასპის ეპარქიის სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ.
 
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ,,ღირებულებითი განათლების" ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.
 
სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს; ტრენინგში ჩართული იყო ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა მოზარდების ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ხელშეწყობისა და ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროცესში.
 
ტრენინგი მიმდინარეობდა ინტენსიურ რეჟიმში — ინტერაქციული მეთოდებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული დავალებებით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას.
 
ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

მსგავსი განცხადებები: