11–20 ივლისს, საქველმოქმედო ფონდმა "ლაზარემ" ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში კიდევ ერთხელ უმასპინძლა განსაკუთრებულ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას (საზაფხულო ბანაკს) – პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა“ - ფარგლებში, სადაც ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა ერთად გაატარეს ურთიერთგაგებით, მხიარულებით და სითბოთი სავსე დაუვიწყარი ათი დღე.
ბანაკში მოზარდებმა ბევრი საჭირო უნარი განივითარეს და მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღეს როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად - ისწავლეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მეთოდები, ეფექტური და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაცია, მიმღებლობა, ტოლერანტობა და თანასოწორობა ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად.
თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებმა ეს ცოდნა და უნარები მეგობრული ურთიერთობით განიმტკიცეს - ათი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ კულტურას, ცეკვებს, სიმღერებს და ტრადიციებს. მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქართული და ოსური ენის გაკვეთილები იყო.
დღის პროგრამა არაფორმალური განათლების აქტივობებთან ერთად აერთიანებდა სპორტულ ღონისძიებებს, კულტურულ საღამოებს და ინტელექტუალურ თამაშებს. თითოეული დღე განსხვავებული და შინაარსით დატვირთული იყო – ბანაკი თანაბრად წარმოადგენდა სივრცეს გართობისთვის, დასვენებისა და პიროვნული ზრდისთვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ემოციები კი ნამდვილად გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პროექტმა შეძლო დასახული ამოცანების მიღწევა - ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის ნდობის, მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის გაღრმავება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.































