ამა წლის 9 აგვისტოს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, პროექტ „ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროგრამის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას პროექტში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიურ მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება და სასულიერო პირებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა აგრეთვე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა.
„ჯარის ბანაკის“ დახურვის ცერემონიას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ბააკაშვილი და პროგრამის მონაწილეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემანიაც გაიმართა. სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს, „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებს კი სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით 2023 წლიდან ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით, პროექტი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.
საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება"
09.08.2025























