„ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიაში” – ფონდ „ლაზარეს“ ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი რეგიონული სამშვიდობო ინიციატივაა, რომელიც 2007 წელს დაიწყო. სწორედ მაშინ, პირველად, ქართველ და სომეხ ახალგაზრდებს ერთმანეთის ქვეყნებში ჩასვლის, შეკრების, უკეთ გაცნობისა და მეგობრობის შესაძლებლობა მიეცათ.
მას შემდეგ ეს ტრადიცია უკვე წლებია გრძელდება და კიდევ უფრო ღრმავდება.
ამა წლის 4-13 აგვისტოს ახალგაზრდული გაცვლა გაიმართა სომხეთში, ეღეგისის რაიონში, რომელშიც მონაწილეობდა 40 ქართველი და სომეხი ახალგაზრდა.
ათი დღის განმავლობაში ისინი ერთად სწავლობდნენ, იძენდნენ ახალ უნარებს, ერთად მღეროდნენ, ცეკვავდნენ, დგამდნენ წარმოდგენებს, ერთმანეთს ასწავლიდნენ საკუთარი ხალხის სიმღერებსა და სიტყვებს, ეცნობოდნენ ტრადიციებსა და კულტურას. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ახალი მეგობრობის, არამედ საუკუნეების განმავლობაში ქართველი და სომეხი ერების გვერდიგვერდ მშვიდობიანი თანაცხოვრების გაგრძელებაა.
პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდულმა გაცვლებმა კიდევ უფრო გააძლიეროს ეს მეგობრობა და საფუძვლად იქცეს მდგრადი მშვიდობისთვის მთელ სამხრეთ კავკასიაში.







































