ეპარქიებში სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება გრძელდება


f ლინკი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ეპარქიაში გრძელდება სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება ,,ღირებულებით განათლებასა" და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებში".
 
მორიგი გადამზადება 1 და 2 დეკემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში გაიმართა და მას ადგილობრივ სამღვდელოებასთან ერთად ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, აგრეთვე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიების სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
 
შეხვედრა გახსნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, თანაწამყვანები იყვნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი, ანი კუდუხაშვილი და ფსიქოლოგი რუსუდან კილაძე.
 
გადამზადების მონაწილეები გაეცნენ ,,ღირებულებითი განათლების" ძირითად პრინციპებს, არაფორმალური განათლების თავისებურებებსა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რაც დღეს მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და მათი აქტიური ჩართულობისთვის.
 
სესიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო ფსიქოლოგიურ ასპექტებს; ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა მოზარდების ასაკობრივი თავისებურებების, მოტივაციის ხელშეწყობისა და ემოციური კავშირის მნიშვნელობაზე საგანმანათლებლო პროცესში.
 
გადამზადება მიმდინარეობდა ინტენსიურ რეჟიმში — ინტერაქციული მეთოდებით, დისკუსიებითა და პრაქტიკული დავალებებით, რაც უზრუნველყოფდა მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარებას.
 
გადამზადების გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საბაზო საფეხურის შესაბამისი სერტიფიკატები.

მსგავსი განცხადებები: