რომის პაპის ვიზიტი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში


f ლინკი
პირველი მსოფლიო კრებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში რომის პაპი ლეონ XIV კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც კონსტანტინოპოლის ეკლესიის დამაარსებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღვლენილ საღვთო ლიტურგიასაც დაესწრო.
რომის პაპის ვიზიტი 27 ნოემბერს დაიწყო, ანკარის აეროპორტში მას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დახვდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იტალიის საზღვრებს გარეთ პაპ ლეონის პირველი ვიზიტია. პრეზიდენტის სასახლეში პაპი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდა, რის შემდეგაც იმავე საღამოს კონსტანტინოპოლში გაემგზავრა.
 
მომდევნო დღეს, 28 ნოემბერს პაპი ისტორიულ ქალაქ ნიკეას (დღევანდელ იზნიკს) ეწვია, საიდანაც მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად ყველა ქრისტიანის ერთობისათვის ილოცა და დაგმო რელიგიის გამოყენება ძალადობრივი მიზნებისათვის.
 
29 ნოემბერს რომის პაპი სულთან აჰმედის მეჩეთს ეწვია, მოგვიანებით კი თურქეთის ქრისტიანთა რელიგიურ ლიდერებს შეხვდა. ამავე დღეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან ერთად ფანარში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ორივე მხრიდან გამოთქმულია სურვილი, რომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული ერთ დღეს აღინიშნებოდეს.
 
29 ნოემბერსვე, საღამოს, ფოლცვაგენ არენაზე პაპმა თურქეთში მცხოვრები კათოლიკეებისათვის მესა ჩაატარა.
 
30 ნოემბერს კი ფანარში, წმინდა გიორგის სახელობის საპატრიარქო ტაძარში პაპი ლეონი დაესწრო ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღვლენილ საღვთო ლიტურგიას, რის შემდეგაც მან თურქეთი დატოვა და ოფიციალური ვიზიტით ლიბანს ეწვია.
 
მომზადებულია ინტერნეტის მასალების მიხედვით
 
ფოტო: Vatican News

მსგავსი განცხადებები: