მიტროპოლიტმა შიომ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიღო


f ლინკი
ამა წლის 2 დეკემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი ალან პერსელი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო.
 
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
 
მიტროპოლიტმა შიომ ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.
 
მღვდელმთავრებმა ბატონ ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
 
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მსგავსი განცხადებები: