f ლინკი
სომხურ ეკლესიაში მიიჩნევენ, რომ კათოლიკოს გარეგინის საკუთარი ინიციატივით გადადგომა "დეზერტირობა" იქნება. პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პრემიერ ფაშინიანის და ეპისკოპოსთა ჯგუფის ზეწოლის მიუხედავად გარეგინ II არ აპირებს ტახტიდან გადადგომას.
"ის არ შეიძლება წავიდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი და სხვათაშორის, საეჭვო წრე ასეთ დღის წესრიგს ქმნის. მას არ შეუძლია წავიდეს მაშინაც კი, როდესაც ასეთ მოთხოვნას 10 ეპისკოპოსი აყენებს", - განაცხადა სომხური ეკლესიის კანცელარიის ხელმძღვცანელმა, მთავარეპისკოპოსმა არშაკ ხაჩატრიანმა.
გასულ კვირას სომხური ეკლესიის 10 ეპისკოპოსი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, რომელიც უკვე დიდი ხანია "საეკლესიო სისტემის განახლების" აუცილებლობაზე და წინამძღვრის შეცვლაზე საუბრობს. ფაშინიანი ასევე ამტკიცებს, რომ კათოლიკოსმა გარეგინმა უქორწინებლობის აღთქმა დაარღვია და ჰყავს შვილი.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ეპისკოპოსები წერენ:
"ველით, რომ გარეგინ II ჩვენი ეკლესიისა და ერისადმი სიყვარულით, საღად შეაფასებს შექმნილ ვითარებას, არ მიიყვანს ქვეყანას არასასურველ ძვრებამდე და საკუთარი ნებით გადადგება. მაშინ შესაძლებელი გახდება ახალი არჩევნების ორგანიზება".
წყარო: spzh.eu






















