f ლინკი
ყოველწლიური ანგარიში ორგანიზაცია "Open Doors" -მა წარადგინა.
ქრისტიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციის თქმით, ძალადობის, დაპატიმრებების, ეკლესიაზე თავდასხმის ფაქტები მიმდინარე წელს გაზრდილია. ანგარიშში დასახელებულია 50 ქვეყანა, სადაც მორწმუნეებს სამსახურებში ან სასწავლო დაწესებულებებში ავიწროებენ, აპატიმრებენ, კლავენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2025 წელს 4476 ქრისტიანი მოკლეს; დაფიქსირდა 7679 თავდასხმა ეკლესიაზე ან ქრისტიანულ საკუთრებაზე; 4744 ადამიანი აღმოჩნდა პატიმრობაში. საერთო ჯამში, მსოფლიოში ყოველი მეშვიდე ქრისტიანი იდევნება, ხოლო აზიასა და აფრიკაში - ყოველი მეხუთე.
ანტიქრისტიანული რეიტინგის ლიდერი კვლავ ჩრდილოეთ კორეაა, რომელმაც 98 ქულა მიიღო 100 -დან. ასევე მეტნაკლებად მძიმე გარემოს ქვეყნებში მოხვდნენ: სუდანი, იემენი, ლიბია, ერითრეა, ნიგერია, პაკისტანი, ირანი, ავღანეთი. აფრიკაში, საჰარის უდაბნოს სამხრეთით, სადაც ქრისტიანებისათვის ყველაზე საშიში 10 ქვეყნიდან 8 არის განლაგებული, ძალადობის გაზრდილი მაჩვენებელი დაკავშირებულია პოლიტიკურ არასტაბილურობასთან და ისლამურ დაჯგუფებებთან, რის გამოც მილიონობით ქრისტიანს მოუწია სახლის დატოვება.
ძალადობის მძიმე ფორმების და მკვლელობის მაჩვენებლები შემცირებულია ინდონეზიასა და კოლუმბიაში. მიუხედავად ამისა, ქრისტიანთა უფლებადამცველი ორგანიზაციის - "Open Doors" -ის განცხადებით, მსოფლიოში ვითარება კრიტიკულია და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას.
წყარო: spzh.eu























