f ლინკი
ამა წლის 24 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი და სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად ორგანიზაცია „ახალგაზრდული სახლის“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სოციალური პროექტის განახლებული კონცეფცია წარადგინეს, რომელიც 3 სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს - დღის ცენტრი სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მყოფი 14-18 წლამდე მოზარდებისთვის, ერთწლიანი პროგრამა სისტემიდან გასული სრულწლოვნებისთვის და გრძელვადიანი მხარდაჭერის პროგრამა.
პრეზენტაციასთან ერთად, პროგრამების ფარგლებში, ხის, მინისა და სხვა სახელოსნოებში შექმნილი ნამუშევრებიც გამოფინეს.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ცენტრში ფუნქციონირებას იწყებს ღირებულებითი განათლების კლუბი. ამასთან, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მისი შესაძლებლობის ფარგლებში სრულ მხარდაჭერას უცხადებს ცენტრის განვითარებას.
„ახალგაზრდული სახლი“ 2017 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით შეიქმნა. შემოქმედებით სახელოსნოებსა და პროფესიული განათლების წრეებზე, „ახალგაზრდული სახლის“ ბენეფიციარები, სხვადასხვა საქმიანობას შეისწავლიან, რაც სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლის შემდეგ, მათ დამოუკიდებლად ცხოვრებასა და დასაქმებაში შეუწყობს ხელს.




















.jpg)


















