ალექსანდრიის პატრიარქის საუბარი ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებთან


f ლინკი
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი რთული ვითარებისა და იქ მცხოვრები ხალხების წინაშე არსებული განსაცდელების ფონზე, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპმა და პატრიარქმა, უნეტარესმა თეოდორე II-მ მიმდინარე წლის 9 მარტს სატელეფონო საუბარი გამართა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-სთან და იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ, უნეტარეს თეოფილე III-სთან.
 
ამ საუბრისას ალექსანდრიის უნეტარესმა პატრიარქმა ორივე ეკლესიის წინამძღოლს წმინდა მოციქულ მარკოზის ეკლესიის სახელით გულწრფელი თანაგრძნობა და პირადი ძმური სიყვარული დაუდასტურა.
 
უნეტარესმა პატრიარქმა დაარწმუნა ეკლესიათა წინამძღოლები, რომ ალექსანდრიის საპატრიარქო განსაკუთრებული მღელვარებით ადევნებს თვალს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და დაუცხრომლად ლოცულობს მშვიდობის დამყარების, სტაბილურობისა და ხალხთა შორის შერიგებისათვის.
 
განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის უძველეს საპატრიარქოებს შორის არსებული კავშირები მხოლოდ ისტორიული და საეკლესიო ხასიათის კი არა, არამედ ძმური და პიროვნულიცაა.
 
ალექსანდრიის უნეტარეს პატრიარქს ანტიოქიის უნეტარეს პატრიარქ იოანე X-სთან ხანგრძლივი პირადი სულიერი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებს, რომელიც სათავეს მათი სტუდენტობის წლებიდან იღებს, თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში.
 
ამავდროულად, იერუსალიმის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III-სთან მას აკავშირებს იერუსალიმის ნეტარხსენებული პატრიარქის, ბენედიქტეს (+1980) პიროვნებისადმი განსაკუთრებული პატივისცემა.
 
უნეტარესმა პატრიარქმა კიდევ ერთხელ ემოციურად გაიხსენა ის სულიერი სწავლებები, რომლებიც მან თავისი მოძღვრისგან, ლამბისა და სფაკიის ყოფილი მიტროპოლიტისა და შემდგომ რეთიმნოსის მიტროპოლიტ თეოდორე ძედაკისისგან (+1996) მიიღო, რომელმაც მას წმინდა მიწისადმი ღრმა სიყვარული და წმინდა საფლავის საძმოსადმი პატივისცემა ასწავლა.
 
წმინდა მოციქულ მარკოზის ეკლესია განაგრძობს ლოცვას, რათა მშვიდობის ღმერთმა მიანიჭოს გონიერება მმართველებს, მფარველობა - უდანაშაულოებს და იმედი - რეგიონის ხალხებს, რათა მშვიდობა და თანხმობა სუფევდეს.

მსგავსი განცხადებები: