პატრიარქი: 'კათოლიკოს-პატრიარქი ილია უდრეკი იყო რწმენაში და უფლის სწავლებაზე, ეკლესიის კლდეზე ჰქონდა დაფუძნებული თავისი ცხოვრება'


f ლინკი
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება ილიაობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის შემდეგ
 
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!
 
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო,
 
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს – წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენებას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს.
 
ამ დღეს ყოველთვის ვიკრიბებოდით, მასთან ერთად ვმსახურობდით წმინდა ლიტურგიას და ვულოცავდით, ეს ყოველთვის იყო დიდი სიყვარულისა და სიხარულის დღე.
 
და აი, დღეს ჩვენ, როგორც მისი ერთგული შვილები, კვლავ შევიკრიბეთ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში და შემდეგ აქ – მის საფლავთან, სიონის საპატრიარქო ტაძარში, რომ გამოვხატოთ მისდამი სიყვარული, მადლიერება და კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მისი დიდებული ღვაწლი.
 
ბევრი რამ შეიძლება ითქვას მის შესახებ, მის ღირსებებზე, მის თვისებებზე. დღეს წაკითხული სახარება, რომელიც ყველამ მოისმინეთ, ძალიან გვაფიქრებს და გვახსენებს მის განსაკუთრებულ თვისებებს.
 
როგორც გახსოვთ, დღეს წაკითხული იყო ეპიზოდი ზღვაზე სასწაულებრივი სვლის შესახებ, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ მოციქულებს უბრძანა, გადაეცურათ გენესარეთის ზღვა, თვითონ კი დარჩა განმარტოებით სალოცავად. შუაღამეს ატყდა ქარიშხალი და მოციქულები დიდ ღელვაში მოყვნენ. უცებ ხედავენ, რომ მათთან ზღვაზე სვლით მიდის უფალი იესო ქრისტე. ძალიან შეეშინდათ, იფიქრეს, რომ მოჩვენებას ხედავდნენ, მაგრამ უფალმა უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ, ეს მე ვარ, გამხნევდით!“. პეტრე მოციქულმა უთხრა: „თუ შენ ხარ, უფალო, მაშინ მიბრძანე, მეც გადმოვიდე ნავიდან და შენკენ წამოვიდე ზღვაზე“. „მოდი“, – მიუგო უფალმა. პეტრეც გადავიდა ნავიდან და წავიდა ქრისტესკენ, მაგრამ დაინახა რა ეს საშინელი ტალღები და ქარიშხალი, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და შეჰყვირა: „მიხსენ მე, უფალო!“. უფალმა უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?!“ – გაუწოდა მას ხელი, ჩაჰკიდა ხელი, აიყვანა ნავში, ქარიშხალიც ჩაცხრა, ნავი მშვიდობით გავიდა ნაპირთან და მოციქულებმა მიაღწიეს გენესარეთში (მთ. 14, 22-34).
 
ასეთი ეპიზოდი იყო წაკითხული სახარებიდან, ძვირფასო ძმებო და დებო. ის გვახსენებს ჩვენს ცხოვრებისეულ ქარიშხლებს, რომლებიც ზოგჯერ იმდენად საშიშია, რომ ცხოვრებაც კი საშიში ხდება და გვახსენდება უფალი, მაგრამ ჩვენც მოჩვენება გვგონია ხოლმე, როგორც მოციქულებს ეგონათ.
 
ამიტომ კარგია, თუ პეტრეს მსგავსად ვიტყვით: – თუ ეს შენ ხარ, უფალო, მიბრძანე, რომ მეც შენკენ წამოვიდე! – და ქარიშხლის აღარ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ყოველ ქარიშხალში იმყოფება იესო ქრისტე და ამ სიტყვებს გვეუბნება. რომც შეგვეშინდეს ამ ქარიშხლების, უნდა ვთქვათ: – მიხსენ მე, უფალო! პეტრეს მსგავსად უნდა გავემართოთ მისკენ, ვთხოვოთ ხსნა და შეწევნა და უფალი აუცილებლად შეგვეწევა!.
 
მაგრამ თუ თვითდაჯერებულობით, სიჯიუტით კვლავაც ვიტყვით, რომ ეს მოჩვენებაა, როგორც მოსდის არაერთ ადამიანს, მაშინ ჩვენი დაღუპვა ამ ქარიშხალში უკვე გარდაუვალი იქნება.
 
აი, ასეთია ცხოვრების კანონი, ძვირფასო ძმებო და დებო. როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის?“ – და გაგრძელება როგორ არის? – „უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?“ (ფსალ. 26, 1).
 
უფალი არის ჩვენი კლდე და საფუძველი, რომელზეც უნდა დაემყაროს, უნდა დაშენდეს ჩვენი ცხოვრება და თუ ასე ვიცხოვრებთ, მაშინ ვერანაირი ქარიშხალი, ვერანაირი მღელვარება ამ ცხოვრებისა ვერ მოგვერევა, ჩვენც გადავიტანთ, ჩვენც გავუძლებთ და სხვებსაც დავეხმარებით.
 
რატომ გავიხსენე ეს ყველაფერი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან? ბევრი სხვა დიდებული თვისების და სათნოების გარდა, რომლებიც მას ჰქონდა, ერთ-ერთი, რაც მას გამოარჩევდა, გახლდათ ის, რომ იგი უდრეკი იყო რწმენაში და უფლის სწავლებაზე, ეკლესიის კლდეზე ჰქონდა დაფუძნებული თავისი ცხოვრება. თვითონაც ასე კლდესავით მაგარი იყო რწმენაში, ეკლესიურ ცხოვრებასა და ეკლესიის წინამძღოლობის საქმეში.
 
რამდენი ქარიშხალი დატრიალდა ჩვენს თავს, ჩვენი ეკლესიის თავს, ჩვენი ქვეყნის თავს ამ ათწლეულების განმავლობაში, რაც მისი უწმინდესობა მართავდა ეკლესიას, არა?! ამაზე მეტი ქარიშხალი ისტორიაში ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ვერაფერმა ვერ შეარყია მისი რწმენა, მისი მოშურნეობა, მისი იმედი, სასოება ღვთის და ამ ყველაფერთან ერთად მან მოახერხა დიდი აღმშენებლობის წარმართვაც ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ეკლესიაში.
 
ამ ყველაფრისთვის ჩვენ განსაკუთრებით ვმადლობთ მას. ქართველმა ხალხმა უპასუხა მას დიდი სიყვარულით, დიდი მადლიერებით, რაც განსაკუთრებული ძალით გამოვხატეთ ყველამ ერთად მისი გარდაცვალებისა და დასაფლავების დღეებში.
 
ასე რომ, დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, მადლობა გადავუხადოთ მას, ქედი მოვიხაროთ მისი დიდი ღვაწლის წინაშე და ვევედროთ უფალს მისი სულის განსვენებისა და ცათა სასუფეველში დამკვიდრებისთვის.
 
კიდევ ერთხელ გილოცავთ ილიაობის დიდებულ დღესასწაულს. წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ლოცვით, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ლოცვით ღმერთმა დალოცოს, აცხონოს მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის სული!
 
ღმერთმა დალოცოს, აკურთხოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!
 
დღეს საოცრად დაემთხვა, რომ არის გასვენება შესანიშნავი მოქალაქის და ადამიანის, გამორჩეული მამულიშვილის, ბატონი გურამ ქაშაკაშვილისა.
 
მე ვიცნობდი ამ უღირსეულეს ადამიანს. მინდა, დავლოცო მისი სული და ვუსურვო სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს.
 
მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ვინაიდან მან პირადად ჩემდამი არაერთხელ გამოხატა ძალიან დიდი სიყვარული, პატივისცემა და თანადგომა, გამაძლიერა თავის დროზე თავისი თბილი სიტყვებით და ღმერთმა შეუწიროს მას.
 
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
 
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი
 
2 აგვისტო, 2026 წელი
 
ელექტრონული ვერსია მოამზადა თამარ ასათიანმა
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: