საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილიაობის დღესასწაული აღნიშნა


f ლინკი
2 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ილია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის, წმინდა მოწამე სალომე ქართველისა და თხოთის მთაზე აღსრულებული სასწაულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
 
ამავე დღეს ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეა.
 
დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
 
ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.
 
თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები.
 
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლი დალოცა და ქადაგებით მიმართა. მან შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა, ამ დღის მნიშვნელობასა და ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დამსახურებაზე ისაუბრა ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე, ასევე რამდენიმე გვარი დალოცა.
 
ქადაგების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილები კიდევ ერთხელ დალოცა.
 
წლების განმავლობაში ამავე დღეს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საგვარეულო ერთობებს ლოცავდა. გვარების საერთო საჭიროებების გარშემო გაერთიანების ტრადიცია ლოცვასა და საეკლესიო მსახურებაში ჩართვა და გვარების დალოცვა კვლავ გრძელდება. ამ პერიოდში დალოცვილი გვარების წარმომადგენლები წირვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდნენ. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
 
სამების საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი მიბრძანდა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი წმინდა სინოდის წევრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
 
პანაშვიდის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრევლს ქადაგებით მიმართა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლს.
 
ბოლოს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, გურამ ქაშაკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
 
ფოტო: ნინო სოზაშვილი

მსგავსი განცხადებები: