შეხვედრა საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში


f ლინკი
ამა წლის 5 აგვისტოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილის მოწვევით საპატრიარქოს ახალგაზრდულ სახლში იმყოფებოდა სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, რომელიც გაეცნო აღნიშნული ორგანიზაციის სივრცესა და საქმიანობას.
 
შეხვედრა ახალგაზრდული სახლის კამპუსის დათვალიერებით დაიწყო. სტუმრები გაეცნენ ორგანიზაციის ისტორიას, მისიას, პროგრამებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას, რის შემდეგაც ისინი თავად გახდნენ აქტივობების მონაწილეები.
 
მინის მხატვრული დამუშავების სახელოსნოში ახალგაზრდებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სტუმრებს, მათთან ერთად მოხატეს მინის ორნამენტები და სამახსოვროდ სპეციალურად მათთვის დამზადებული ნამუშევრები გადასცეს.
 
შემდეგ გაიმართა ახალგაზრდული სახლის ეზოს გამწვანების ღონისძიება.
 
დღე გაგრძელდა კულინარიის სახელოსნოში, სადაც ახალგაზრდებმა სტუმრებს მასტერკლასი ჩაუტარეს. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ახალი მედიასივრცე, სადაც უკვე დამონტაჟებულია პოდკასტებისთვის საჭირო აპარატურა და განათება.
 
შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.
 
სექტემბრიდან „ღირებულებათა კლუბი“ ახალგაზრდულ სახლში აქტიურ ფაზაში შევა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, სხვადასხვა სკოლიდან ახალგაზრდები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან კამპუსში, სადაც ახალგაზრდული სახლის ბენეფიციარებთან ერთად ჩაერთვებიან დისკუსიებში, გუნდურ აქტივობებში, შემოქმედებით შეხვედრებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ პროგრამებში.

მსგავსი განცხადებები: