f ლინკი
უკვე მესამე წელია, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პროექტის აქტიური თანამონაწილეა და მისი ჩართულობა გამოიხატება ეროვნულ გმირებზე და წმინდანებზე წარმოდგენების გამართვით და ასევე "საპატრიარქოს საათით", სადაც საუბარია პიროვნულ, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე.
ამა წლის 9 აგვისტოს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ, მისმა პირველმა მოადგილე თორნიკე შუბითიძემ, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
„ჯარის ბანაკის“ მიზანი იყო ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტი ორ ადგილას - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდა. ბანაკის ფარგლებში, რვა როტაციის განმავლობაში, IX, X და XI კლასების 1 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
საბანაკე პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მოსწავლეები ეუფლებოდნენ საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას, სწავლობდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და დაშავებულის ევაკუაციის მეთოდებს. პროგრამა ასევე ითვალისწინებდა თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადების კურსებს.
2026 წელს „ჯარის ბანაკის“ პროგრამას პირველად დაემატა „საპატრიარქოს საათი“, რომლის ფარგლებშიც სასულიერო პირებმა მოზარდებთან შეხვედრები გამართეს თემაზე: „ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა და ოჯახური ღირებულებები“.
ღონისძიების დასასრულს ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები, სერტიფიკატები და ჯარისკაცის საიდენტიფიკაციო ჟეტონები გადაეცათ.
წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მადლობის ნიშნად სამახსოვრო დაფა გადაეცა, პროექტის მხარდაჭერისთვის და მის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ფოტო: ახალგაზრდობის სააგენტო























