სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა კაპელანის დღესთან დაკავშირებით


f ლინკი
მივესალმებით საქართველოს თავდაცვის მინისტრს, თავდაცვის ძალების მეთაურს, კაპელანებს, თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელსა და სამხედრო მოსამსახურეს.
 
გულითადად გილოცავთ კაპელანის დღეს, რომელსაც წელს პირველად აღვნიშნავთ.
 
ნიშანდობლივია, რომ დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს გიორგი ჭყონდიდელს იხსენიებს.
 
წმინდა გიორგი ჭყონდიდელისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლი გვიჩვენებს, რა დიდი ძალა აქვს ეკლესიისა და სახელმწიფოს თანმიმდევრულ თანამშრომლობას, როცა მათ ქვეყნის გაძლიერების საერთო მიზანი აერთიანებს. ამიტომ ეს დღე კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს და შეგვახსენებს ეკლესიისა და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას – ერთგულად ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ერს და მოყვასს.
 
მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ბატონ ირაკლი ჩიქოვანს, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღის დაწესებასა და კაპელანთა კორპუსის გაძლიერებაში შეიტანა წვლილი.
 
მადლიერებას გამოვხატავთ ყოფილი მთავარი კაპელანის, დეკანოზ დავით ლონდარიძისადმი, რომელმაც ამ მსახურებას ორ ათეულ წელზე მეტი მიუძღვნა. წარმატებას და ღვთის შეწევნას ვუსურვებთ ახალ მთავარ კაპელანს, დეკანოზ გურამ ჭარელაშვილს. მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერებულიყოს თითოეული კაპელანის მსახურება, რათა სულიერი თანადგომა არ მოჰკლებოდეს ყოველ სამხედრო მოსამსახურეს, განუმტკიცოს მათ რწმენა და სამშობლოს სიყვარული.
 
წმინდა გიორგი ჭყონდიდელის მეოხება შეეწიოს ჩვენს ჯარისკაცებს, ხალხს და მთელ საქართველოს.
 
ღმერთმა დაგლოცოთ და მოგმადლოთ ძალა ერისა და ქვეყნის ერთგული, დაუღალავი მსახურებისთვის.
 
შიო III
 
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
 
25 სექტემბერი, 2026 წელი

მსგავსი განცხადებები: