f ლინკი
25 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მოძღვარს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელს მოიხსენიებს.
ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.
სადღესასწაულო წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა. თანამსახურებდნენ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), წმინდა სინოდის სხვა წევრები და სასულიერო პირები.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ტაძარში შეკრებილთ დღევანდელი დღე მიულოცა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა, დალოცა ჭყონდიდის ეპარქია და მის მმართველი, მიტროპოლიტი სტეფანე, რომელსაც მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის და საჩუქრად გადასცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პანაღია. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა სტეფანემ კათოლიკოს-პატრიარქს წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელისა და წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხატი უსახსოვრა.
ქადაგების ბოლოს მისმა უწმინდესობამ მიტროპოლიტ სტეფანეს წარდგენით ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიების სასულიერო პირები დააჯილდოვა, ხოლო მრევლს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღსანიშნავად დამზადებული საიუბილეო ჯვრები დაურიგა.
ფოტო: ნინო სოზაშვილი































































































