26 სექტემბერს საფრანგეთში საზეიმოდ აღინიშნა ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება


f ლინკი

ამა წლის 26 სექტემბერს საფრანგეთში საზეიმოდ აღინიშნა ლევილის ქართველთა მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება.

ღონისძიების მონაწილეებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მისასალმებელი სიტყვა გააცნო პარიზის წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, იღუმენმა ეფრემმა (ჯოლოხავა).

ძვირფასო თანამემამულენო, პატივცემულო სტუმრებო, ძმებო და დებო,

ყველას გულითადად მოგესალმებით და თქვენთან ერთად ვიზიარებ ამ ღირსშესანიშნავი დღის სიხარულს – კეთილად განსრულდა ლევილის ქართველთა მამულის აღდგენა-განახლება.

ლევილი განსაკუთრებული ადგილია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 

წლების განმავლობაში საქართველოდან შორს, საფრანგეთის მიწაზე, ლევილის მამულში მოღვაწე ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებმა უდიდესი ისტორიული მისია იტვირთეს – გაუფრთხილდნენ და შთამომავლობას უანდერძეს უძვირფასესი საუნჯე: ენა, რწმენა და კულტურა. ბევრი მათგანი ისე გარდაიცვალა, რომ სამუდამოდ თან წაიყოლა მშობლიურ მიწასთან განშორების ტკივილი და მონატრება. 

უფალმა აცხონოს ამ ღირსეულ მამულიშვილთა სულები! 

სწორედ მათმა სიყვარულმა და თავდადებამ შეუნარჩუნა ლევილს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა და აქცია ქართველთა ეროვნული მეხსიერების, სამშობლოში დაბრუნების იმედისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ.

ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევისა და ხანგრძლივი, დაუღალავი შრომის შედეგია, რომ დღეს ეს ისტორიული მამული აღდგა და განახლდა.

მადლიერებით აღვნიშნავთ საფრანგეთის სახელმწიფოს მხარდაჭერას ამ საქმის განხორციელებაში, ასევე იმ თანადგომას, რომელსაც ფრანგი ხალხი იჩენდა ემიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მიმართ ძნელბედობის ჟამს. 

დღეს ლევილის ქართველთა მამულის ისტორიის ახალი ფურცელი იწერება!

გვახარებს, რომ ეს ძვირფასი კერა იქნება ქართული კულტურისა და თვითმყოფადობის წარმოჩენის სივრცე, რომელიც მსოფლიოს კიდევ უფრო ახლოს გააცნობს ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიასა და სულიერ საგანძურს. 

ღმერთმა დალოცოს თითოეული ადამიანი, ვინც იღვაწა ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად.

ღმერთმა დალოცოს უცხოეთში მცხოვრები ქართველები.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და მთელი მსოფლიო.

პატივისცემით,

შიო III

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა მაია ბითაძემ და ლევილ-სურ-ორჟის მერმა ერიკ ბრევმა. 

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებული მთავრობის წევრთა ოჯახების შთამომავლები, აგრეთვე ლევილის მამულის ისტორიასთან სხვადასხვა დროს დაკავშირებული პირები.

სტუმრებმა დაათვალიერეს ლევილის ქართველთა მამული, გაიმართა მამულის ბიბლიოთეკისათვის სპეციალურად გამოცემული წიგნების წარდგენა, ლევილის ქართულ სასაფლაოზე პატივი მიაგეს საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ხსოვნას. 

განახლებული ლევილი დღეიდან ევროპაში ქართული ისტორიისა და კულტურის წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იქნება.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

მსგავსი განცხადებები: