f ლინკი
ამა წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფის სამხედრო მოძღვარმა, დეკანოზმა ზაქარია ინატაშვილმა, მგალობლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, თბილისში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
სიმბოლურია, რომ ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ მოზარდები, ის თაობა, რომელმაც აფხაზეთის ომის მძიმე დღეები მხოლოდ გადმოცემით იცის, მაგრამ სწორედ მას მართებს ამ ისტორიის დაფასება და სამშობლოსათვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნის პატივისცემა.
ეს არის კაპელანთა კორპუსის მსახურების ერთ-ერთი განსაკუთრებული მიზანიც – სამხედრო მოძღვარი დგას სამხედრო მოსამსახურეთა გვერდით არა მხოლოდ ყოველდღიურ მსახურებაში, არამედ იგი უფრთხილდება ჩვენი ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანების ხსოვნას და მომავალ თაობას მათ სიყვარულს უნერგავს.
დღეს ჩვენ ვლოცულობთ ყველასთვის, ვინც აფხაზეთში საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობას შეეწირა.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულები, ხოლო ჩვენ მოგვმადლოს ძალა, ღირსეული პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას, ვილოცოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ სამშობლოსადმი მათი თავდადებული სიყვარული.























