უკან დაბრუნება

ღირ. იოსებ რაითელისა (IV);

ღირსი იოსებ ანალიტელი, რაითელი „ბრძენ იყო. და სწავლულ ყოვლითა საქმითა, და ღმერთი იყო მის თანა”. ერთხელ სულიერი დამოძღვრის სათხოვნელად წმიდანთან მისულმა ბერმა კარის ღრიჭოდან „იხილა იგი ყოვლადვე თავითგან ვიდრე ფერჴამდე, ვითარცა ცეცხლი მოტყინარჱ, დგა რაჲ იგი ლოცვასა შინა თჳსსა“. როცა მამა იოსებმა შეიტყო, რომ გაცხადდა „საქმჱ მისი“, „შეეშინა. ნუუკუ აწყინებდენ მას ძმანი” და ღმერთს ევედრა, დაეფარა მისი ღვაწლი. ამ დღიდან წმიდანი არავის ეჩვენებოდა.

ექვსი წლის შემდეგ, წმიდა იოსებმა მისი მოწაფის, ამბა გელასის სენაკის კარზე დააკაკუნა. „და განვიდა ამბა გელასი და პოვა მოძღვარი იგი თჳსი მდგომარჱ კარსა ზედა”. გელასიმ უსაყვედურა მოძღვარს, რად დამტოვეო ობლად, წმიდა მამამ კი მიუგო, უწყის უფალმა, მე არსად წავსულვარ, არც წმიდა ზიარებას მოვკლებივარ, მაგრამ „თქვენგანი არავინ მხედვიდაო”. შემდეგ მოსვლის მიზეზიც გააცხადა: „დღეს მივიცვლები ჴორცთა ამათგან უბადრუკთა უფლისა ჩემისა და ვინებე, რაჲთამცა შენ დაჰმარხენ იგინი”. აბმა გელასი ყურადღებით უსმენდა მოძღვრის უკანასკნელ დამოძღვრას „სარგებლისათჳს სულისა და მოლოდებისათჳს კეთილისა მერმისა საუკუნოჲსა”. ბოლოს მამა იოსები იატაკზე დაწვა, გულზე ხელები დაიწყო და მიიცვალა. „პირი მისი ბრწყინვიდა, ვითარცა მზჱ”.

ბერებმა პატივით დაკრძალეს წმიდა ცხედარი. ეს მოხდა რაითელ მამათა მოწყვეტამდე, IV საუკუნეში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.