პავლე თებაიდელი ეგვიპტის ქალაქ თებაიდაში დაიბადა. მას შემდეგ, რაც ყმაწვილს მშობლები გარდაეცვალა, ერთმა ვერცხლისმოყვარე ნათესავმა გადაწყვიტა, მიესაკუთრებინა მისი ქონება. სიხარბით გონებადაბინდულმა შევიწროება დაუწყო ობოლს, ბოლოს კი, იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროინდელი დევნულობისას, მისი უსჯულოთა ხელში ჩაგდებაც განიზრახა. როცა პავლემ ამ მზაკვრობის შესახებ შეიტყო, დატოვა ქალაქი და უდაბნოში გავიდა.
ღირსი მამა მთის ძირში მდებარე ერთ გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ 91 წელი დაჰყო დაუდუმებელი ლოცვითა და მარხვით: მისი ერთადერთი საკვები იყო ფინიკები და პური, რომელსაც ყვავი უზიდავდა, სუსხისა და პაპანაქებისგან მხოლოდ პალმის ფოთლების სამოსელი იცავდა. როცა წმიდანის აღსასრული მოახლოვდა, ღმერთმა ინება, რომ მის შესახებ ანტონი დიდისთვის (ხს. 17 იანვარს) ეუწყებინა. ერთხელ, ანტონს გონებაში გაურბინა ფიქრმა, რომ ალბათ არსად იპოვება სხვა მისი მსგავსი მეუდაბნოე, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა: „ანტონი, არის ღვთის მონა, რომელიც შენზე სრულყოფილია და აქ შენზე ადრე დასახლდა. შედი უდაბნოს სიღრმეში და ჰპოვებ მას”. ნეტარი მეუდაბნოე მიჰყვა უფლის მოწოდებას და წმიდა პავლეს გამოქვაბულს გადააწყდა. ღირსი მამა წინ გამოეგება სტუმარს, რითაც მას თავმდაბლობის მაგალითი აჩვენა. ბერებმა სახელებით მოიკითხეს და ამბორს უყვეს ურთიერთას, შემდეგ კი დიდხანს საუბრობდნენ. ამ დროს ყვავი მიფრინდა და ორივეს პური მიართვა. ღირსმა პავლემ განუცხადა ანტონს, რომ მოწევნული იყო მისი მიცვალების ჟამი და დაკრძალვა სთხოვა. ნეტარი მამა მუხლმოყრილი აღესრულა, ლოცვის დროს. ანტონი ხედავდა, თუ როგორ მაღლდებოდა მისი სული ზეცად ანგელოზების, წინასწარმეტყველების და მოციქულების თანხლებით. უდაბნოდან გამოსულმა ორმა ლომმა წმიდანს თათებით გაუთხარა სამარე. ღირსმა ანტონიმ მიწას მიაბარა უფლის სათნომყოფელის ცხედარი, თან წამოიღო პალმის ფოთლებისგან შემზადებული მისი სამოსელი და თავის სავანეს დაუბრუნდა. ამ სამოსს ანტონი ინახავდა, როგორც უდიდეს სიწმინდეს და იცვამდა წელიწადში მხოლოდ ორჯერ – აღდგომას და სულთმოფენობას. ღირსი პავლე თებაიდელი გარდაიცვალა 341 წელს, 113 წლის ასაკში. წმიდანს სავანე არ დაუარსებია, მაგრამ მისი მიცვალების შემდეგ მომრავლებულმა მისმა მიმბაძველებმა მონასტრებით გადაფარეს მთელი უდაბნო. ღირსი პავლე მართლმადიდებლური ბერ-მონაზვნობის მამად ითვლება.
XII საუკუნეში, იმპერატორ მანუელის (1143-1180) ბრძანებით, წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. შემდგომში ისინი ვენეციაში იქნა გადასვენებული, აქედან კი – უნგრეთში. ღირსი პავლეს პატიოსანი თავის ნაწილი რომშია დაცული.
ღირსი იოანე გლახაკი (მეტალავრე) კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა V საუკუნეში. მდიდარმა და დიდებულმა მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. ყმაწვილი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით საღვთო წიგნები იზიდავდა. მან სცნო ამ სოფლის ამაოება და გადაწყვიტა, უფლის მსახურებისთვის გადაედო თავი. წმიდანმა მშობლებს სთხოვა, სახარება მაჩუქეთო, შემდეგ კი ფარულად დატოვა სახლი, თებაიდის უდაბნოს მიაშურა და აქ მღვიძარეთა მონასტერში ბერად აღიკვეცა. ახალგაზრდა მოწესე გულმოდგინედ შეუდგა მსახურებას, ის აოცებდა საძმოს მუდმივი ლოცვით, უდრტვინველი მორჩილებით, მკაცრი თავშეკავებითა და მოთმინებით.
ექვსი წლის შემდეგ იოანეს განსაცდელი დაატყდა თავს: მას განუწყვეტლივ აგონდებოდა მშობლები, მათი სიყვარული და ალერსი, ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ დაამწუხრებდა მათ შვილის მოულოდნელი დაკარგვა. ეშმაკისგან მოვლენილი აზრებითა და წარმოდგენებით შეშფოთებული ბერი იმდენად მოუძლურდა, რომ უკვე სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა. წმიდანმა თავისი სულიერი მდგომარეობა წინამძღვარს გაუმხილა და სავანის დატოვების ნებართვა სთხოვა. მანაც, სულიწმიდით შთაგონებულმა, მისცა კურთხევა. წასვლის წინ იოანე მხურვალედ ევედრა საძმოს, ელოცათ მისთვის, რადგან იმედოვნებდა, რომ მათი ლოცვით ღმერთი წყალობის თვალით მოხედავდა: მშობლებსაც ნახავდა და ეშმაკის მზაკვრობასაც გადაურჩებოდა.
კონსტანტინეპოლში გლახაკის სამოსლით დაბრუნებული იოანე საკუთარი სახლის ჭიშკართან დამკვიდრდა. წმიდანი ისე იყო შეცვლილი, რომ მშობლებმაც ვერ იცნეს. ისინი, ღვთის გულისთვის და საკუთარი გულმოწყალებით, ყოველ დღე უგზავნიდნენ საზრდელს „უცნობ გლახაკს “.
სამი წლის განმავლობაში ცხოვრობდა წმიდანი ტალავარში და მოთმინებით იტანდა ყოველგვარ გასაჭირს. ერთ დღეს იოანეს გამოცხადებით ეუწყა, რომ მისი ტანჯვის დასასრული მოახლოებული იყო და სამ დღეში წარსდგებოდა უფლის წინაშე. მხოლოდ მაშინ აჩვენა წმიდანმა დედ-მამას მათი ნაჩუქარი სახარება. წმიდა იოანეს უკანასკნელი სათხოვარი იყო, იქ დაეკრძალათ, სადაც მისი ტალავარი იდგა და კუბოში თავისივე ძონძებით ჩაესვენებინათ.
25 წელს მიახლოებული ღირსი მამა V საუკუნის შუა წლებში აღესრულა. მის საფლავზე მშობლებმა ააგეს ტაძარი, რომელთანაც დავრდომილთა თავშესაფარიც დაარსეს. XII საუკუნეში წმიდანის უხრწნელი თავი ჯვაროსნებმა ბეზანსონში (საფრანგეთი) წაიღეს, მისი წმიდა ცხედარი კი რომში განისვენებს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.