თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმიდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი. დაახლოებით 42 წელს, ჰეროდე აგრიპას ბრძანებით, პეტრე მოციქული მაცხოვრის სიტყვის ქადაგებისთვის შეიპყრეს და ჯაჭვით შეკრული საკანში გამოკეტეს. „ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს”. და აი, მოხდა სასწაული: „ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრჱსსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: „აღდეგ ადრე და დასცუეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა”. ანგელოზმა დახშულ კარებში გაატარა და სამშვიდობოს გამოიყვანა მოციქული (საქმე, 12,11-11). ქრისტიანებმა შეძლეს მოეპოვებინათ ეს ჯაჭვები და შეინახეს, როგორც სიწმიდე. მათთან რწმენით მიახლოებული სნეულები იკურნებოდნენ სხვადასხვა სალმობათაგან. ჯაჭვები იერუსალიმის ტაძარში ინახებოდა პატრიარქ იუბენალის დრომდე. ამ უკანასკნელმა კი იგი თეოდოსი უმცროსის მეუღლეს, ევდოკიას აჩუქა. ევდოკიამ სიწმინდე კონსტანტინეპოლში ჩაიტანა, შემდეგ კი ერთი ჯაჭვი თავის ასულს, ევდუქსიას გაუგზავნა. ევდუქსიამ რომში ტაძარი ააგო პეტრე მოციქულის სახელზე და სიწმიდე იქ დაასვენა. რომში ინახებოდა სხვა ჯაჭვებიც, რომლითაც თავი მოციქული თავისი ნეტარი აღსასრულის წინ იყო შეკრული. ყოველი წლის 16 იანვარს ამ სიწმინდეებს გამოაბრძანებდნენ ხოლმე თაყვანსაცემად.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ