უკან დაბრუნება

მოწამეთა: სპევსიპესი, ელევსიპესი, მელევსიპესი და დიდედისა მათისა ლეონილასი და მათ თანა: ნეონისა, ტურვონისა და იოვილასი (161-180);

წმიდა მოწამენი სპევსიპი, ელევსიპი, მელევსიპი, ლეონილა და მათთან ერთად ნეონი, ტურვონი და იოვილა II საუკუნეში, მარკუს ავრელიუსის (161-180) დროინდელ დევნულობისას ეწამნენ გალიაში (სხვა გადმოცემით კაბადოკიაში). ლეონილა უკვე ხანშიშესული იყო, როცა მოინათლა პოლიკარპე სმირელის ერთი მოწაფის ხელით. შემდეგ მან თავისი შვილიშვილებიც მოაქცია ქრისტიანობაზე. საღვთო შურით აღძრულმა ძმებმა დაამსხვრიეს კერპები და აყვედრეს წარმართებს თავიანთი უგნურება. მტარვალებმა საჯალათო კუნძთან მიიყვანეს ლეონილა და უბრძანეს, შვილიშვილები ქრისტეს უარყოფაზე დაეყოლიებინა, მან კი შეაქო ჭაბუკები გაბედულებისა და სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის. მაშინ წმიდანები საშინლად აწამეს: ჯერ ხეზე დაჰკიდეს ხელებით და ისე ექაჩებოდნენ ძირს, რომ ძვლები სახსრებიდან უვარდებოდათ, შემდეგ კი კოცონში ჩაყარეს. ღვთაებრივი მადლით დაცული სპევსიპი, ელევსიპი და მელევსიპი თავისუფლად დადიოდნენ ცეცხლში, თან ნიშნისმოგებით მიმართავდნენ ჯალათებს: „ჩვენ მონიჭებული გვაქვს ხელმწიფება, მაშინ მივეახლოთ უფალს, როცა მოვისურვებთ, მაგრამ გადავწყვიტეთ, ჯერ თქვენი სიგიჟის დაცინვით გული ვიჯეროთ”. ამ დროს ანგელოზთა გუნდი მიეახლა მარტვილებს. მათ მუხლი მოიყარეს, ილოცეს და სული უფალს შეავედრეს. შვილიშვილების სიკვდილის შემდეგ, ლეონილასაც თავი მოჰკვეთეს. მათთან ერთად ეწამა კეთილმსახური იოვილა, რომელმაც მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დატოვა და აშკარად აღიარა ქრისტე. მტარვალებმა თმებით ჩამოკიდეს წმიდანი, შემდეგ კი ქედზე მახვილის დაკვრით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წმიდა ნეონმა აღწერა მარტვილთა ნეტარი აღსასრული, ხელნაწერი ტურვონს გადასცა, თვითონ კი გააცხადა თავისი ქრისტიანობა, რისთვისაც გვემით მოკლეს. ტურვონმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ამ წმიდანებს განსაკუთრებით პატივს სცემენ ესპანეთში, სადაც მათი სახელობის მრავალი ტაძარია აგებული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.