უკან დაბრუნება

ღირსისა მაკარი დიდისა, ეგვიპტელისა (390-391);

მაკარი დიდი მეგვიპტელი – დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: „მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!“ ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისთვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანშიშესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ („მაკარი“ – ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულის საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე – ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე.

ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, კელიას ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვისა და ჯვრის ძალით იგერიებდა მზაკვარის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს, ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწამა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი შეიქნა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა (ეგვიპტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ „მხცოვანი ჭაბუკი“ შეარქვეს.

დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა: „მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი, რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა“. როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.

ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანის მყუდროებას, ამიტომ მან თავისი კელიის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაულები აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას კელიაში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიეხმარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: „ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!“

ერთხელ ღირსმა მაკარიმ უდაბნოში დაგდებული თავის ქალა იპოვა და ჰკითხა: „ვინა ხარ შენ?“ ქალამ უპასუხა: „მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცულობ, ტანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება“. ღირსმა ჰკითხა: „როგორია იქაური სატანჯველები?“ „ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით, - უპასუხა ქალამ, - და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვნად ვამჩნევთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს.“ აცრემლებულმა მაკარიმ იკითხა: „არსებობს უარესი სატანჯველებიც?“ ქალამ მიუგო: „ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც შეიცნო ღმერთი, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან“.

ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: „მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია“. თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: „შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ“. გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: „ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოებები არ გაგვაჩნია“, მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: „ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასდროს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა“. წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: „ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს “.

არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დააბრუნა.

ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. „ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს“. ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: „ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: „იყავნ ნება შენი, უფალო!“ თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: „უფალო, შეგვიწყალენ!“ ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!“ როცა ძმებმა ჰკითხეს: „როგორ უნდა გავხდეთ ბერები?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხნიათ: „თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი“. მე ვუთხარი: „უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც თქვენ ხართ“. „მაშინ კელიაში დაჯექი და მწუხარებას მიეციო შენი ცოდვების გამო!“

ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია: „გაიქეცი ადამიანებისგან და ცხონდები!“ მან ჰკითხა: „რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?“ ღირსმა მამამ უპასუხა: „იჯექი კელიაში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე“. წმიდა მაკარი ამბობდა: „თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ“. მასვე უთქვამს: „თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს“.

ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური.

ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები – ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, „ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა“, მიიძინა საუკუნო ძილით.

ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.