ღირსი ქსენია (ერობაში - ევსებია) დიდებული რომაელი სენატორის ერთადერთი ასული იყო. იგი სიყრმიდანვე აინთო საღვთო ტრფიალებით. მოსალოდნელი ჯვრისწერა თავიდან რომ აეცილებინა, ქალწულმა ორ მხევალთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი და გემზე ავიდა. ღვთის ნებით, წმიდანი კესარიის ქალაქ მილასში მდებარე ანდრია პირველწოდებულის სავანის წინამძღვარს შეხვდა და სთხოვა, თან გაეყოლებინა ის და მისი თანამგზავრები. ევსებია ბერს ქსენიას სახელით გაეცნო. მილასში ქალწულმა მიწა იყიდა, წმიდა სტეფანეს სახელობის ტაძარი ააგო და ქალთა მონასტერი დაარსა. მალე იგი კეთილმსახური ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. ღირს დედას ყველა უწვდიდა დახმარების ხელს. იგი საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა და თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. თავის ღვაწლში წმიდა ექვთიმე დიდის რჩევით ხელმძღვანელობდა. წმიდა ქსენიამ ლოცვაში შეჰვედრა სული უფალს. მისი ნეტარი აღსასრული ტაძრის თავზე ბრწყინვალე გვირგვინით გარშემორტყმული მანათობელი ჯვრის გამოჩინებით აღინიშნა. ეს ზეციური ნიშანი ზე ადგა ქალაქში გამოსვენებული ღირსი დედის ცხედარს და მხოლოდ მისი დაკრძალვის შემდეგ გაქრა. ქსენიას წმიდა ნაწილებთან შეხებით მრავალი სნეული განიკურნა.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.