უკან დაბრუნება

მოწამეთა ადრიანესი და ევბულისა (დაახ. 308-309);

დიოკლეტიანესეული დევნის მეექვსე წელიწადს, დაახლოებით, 308-310 წლებში, როედსაც ქრისტიანთა სისხლის მდინარეებმა ლამის წალეკა მიწა, პალესტინის კესარიის კარიბჭეს მეზობელი ქალაქიდან გამოსული ორი ახალგაზრდა ქრისტიანი მიადგა.

ქალაქის მცველებმა ისინი შეაჩერეს და სტუმრობის მიზეზი გამოჰკითხეს. ორივემ დაუფარავად აღიარა, რომ თანამოძმე ქრისტიანთა ნუგეშის საცემად და განსამკიცებლად მოვიდნენ.

მცველებმა ორივე იქვე შეიპყრეს და მმართველს, ფირმილიანეს წარუდგინეს.
სისხლისმსმელმა მმართველმა მათი სასტიკი ტანჯვა და ველურ მხეცთათვის მიგდება ბრძანა...

ორი დღის შემდგომ გამძვინვარებულ ლომთან ჯერ ადრიანე შეუშვეს, მაგრამ უეცრად მხეცი დაშოშმინდა და წმინდა ჭაბუკის ფეხებთან მორჩილად განერთხა. ამით უარესად განრისხებულმა მმართველმა ადრიანეს თავი წარკვეთა.

მომდევნო დღეს კი წმინდა გვირგვინი მისმა მეგობარმა, ევბულემ მიიღო, რომელსაც ვერც მუქარამ და მომხიბვლელმა დაპირებებმა ათქმევინა უარი ქრისტეზე, ვერც - უსასტიკესმა სატანჯველმა.

კესარიელ მოწამეთა შორის ის უკანასკნელი აღმოჩნდა.