უკან დაბრუნება

ღირ. ნინოსი, სამთავროს მონასტრის განმაახლებელისა (ამილახვარი, 1839);

ნინო ქრისტეფორეს ასული ამილახვარი, დაბადებული 1784 წელს სოფელ ჭალაში. შავი ანაფორა შეუმოსავს მისთვის არქიმანდრიტ საბას სოფელ ჭალის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში 1810 წელს, მონაზვნად  აღუკვეცავს ეპისკოპოს გერვასის რუისის ფერისცვალების ეკლესიაში 1812 წელს, ხოლო ეგზარქოს თეოფილაქტეს ნებართვით სამთავროში დაფუძნებულა 1820 წლის 10 ნოემბერს.

მონაზონ ნინოს ღვაწლს უკვე 1827 წელს ვხვდებით. სვეტიცხოვლის კანდელაკ იოანე ბარისოვის მიერ გაგზავნილი პატერიკიდან ეგზარქოს იონასადმი ცნობილი ხდება, რომ სამთავროს ფერისცვალების ტაძრის მახლობლად მდგომი მცირე ზომის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია აღუდგენიათ მონაზვნებს ნინოსა და მარიამს, ალბათ, ეგაძეს და შეუმკიათ იგი მათ მიერვე შეძენილი საეკლესიო ნივთებით (იქვე დართულია სია ამ ნივთებისა). ეს ეკლესია უკურთხებიათ 1828 წლის 14 ინვარს, წმინდა ნინოს სახელობის დღეს მის სახელზევე.

სამთავროს განახლების შესახებ ვკითხულობთ მცხეთის არქიმანდრიტ საბას, კანდელაკ იესე ბარისოვისა და შიომღვიმის ბერმონაზონ ათანასეს პატაკებს სამთავროში მოსულ დედათათვის შავი ანაფორის შთაცმის თაობაზე და ლოცვას ანაფორის შთაცმის შესახებ. ღვაწლმოსილი დედების ნებით აღმდგარა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საეკლესიო მმართველობა დედათა მონასტრის ოფიციალურად დამტკიცება 1835 წლისათვის უკვე სამთავროშივე უფიქრიათ და თბილისის მთაწმინდის ფერისცვალების ეკლესიის მონაზვნებისთვის სამთავროში გადასვლა შეუთავაზებიათ. იმ დროს მთაწმინდაზე ოთხი დედა სახლობდა. Uუფროსი მონაზონი სალომე, თეკლე, ელისაბედი და ანასტაცია კობიევი. ოთხივე დედას უარი განუცხადებია და მთაწმინდაზე დარჩენილან (თუმცა Aანასტასია აზნაურ სვიმონ კობიაშვილის ასულს შემდეგ უკვე სამთავროში ვხვდებით).

1835 წელს გარდაიცვალა ორი მონაზონი, მარიამ გუდაბერიძე და თეკლე ბერიძე, ხოლო თეკლე ბიძინაშვილი წილკანს წასულა. მონაზვნებს თავიანთ წინამძღვრად კვლავ ნინო ამილახვარი აურჩევიათ, ხაზინადარად-მარიამ ეგაძე, "ბალაგოჩინად" - დარია ფაღავა, რომელიც მონასტერში 1831 წელს მოსულა. შვიდ დარჩენილ დედას 1835 წლისთვის თხუთმეტნი დამატებიან და ამგვარად სულ ოცდაორი გამხდარან (მათ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ).

მონასტრის დამაარსებელი ნინო ამილახვარი გარდაიცვალა 1839 წელს. იგი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმინდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: "ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო ამილახვრის ასულის მონაზონის ნინასსა, რომელმანც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა 11-ს".

ნინო ამილახვარმა ააღორძინა სამონასტრო ცხოვრება. მისმა დაუღალავმა ღვაწლმა და მონდომებამ აიძულა საეკლესიო მმართველობა, რათა მეტი ყურადღება გამოეჩინათ სამთავროსადმი. ნინო ამილახვრის საქმე გააგრძელეს მისმა აღზრდილებმა და რამდენიმე ხანში სამთავროს დედათა მონასტერი ოფიციალურად გაფორმდა და დამტკიცდა.

ჟურნალი "კარიბჭე"