უკან დაბრუნება

მართლისა თეოდორა დედოფლისა, ხატთაყვანისცემის აღმდგენელისა (867).

მართალი დედოფალი თეოდორა ბიზანტიის ხატმებრძოლი იმპერატორის, თეოფილეს (828-842) მეუღლე იყო, მაგრამ არ თანაუგრძნობდა მწვალებელ ქმარს და თაყვანს სცემდა წმიდა ხატებს. თეოფილეს სიკვდილის შემდეგ წმიდა თეოდორა მცირეწლოვანი შვილის, მიხეილის ნაცვლად განაგებდა ქვეყანას, მან აღადგინა ხატთა თაყვანისცემა, ტახტზე დააბრუნა პატრიარქი მეთოდე და მოიწვია კრება, რომელმაც ანათემას გადასცა ხატმბრძოლები. ამ კრების დადგენილებით, სადიდებლად უფლისა, რომელმაც ეკლესიას ხატმებრძოლებსა და ყველა ერეტიკოსებზე გამარჯვება მიმადლა, დაწესდა მართლმადიდებლობის ზეიმი, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირიაკეს აღინიშნება. მართალმა თეოდორამ ეკლესიისთვის ბევრი გააკეთა იმითაც, რომ თავისი ძე – მიხეილი მართლმადიდებლობის ერთგულებით აღზარდა.

როცა მიხეილი წამოიზარდა, დედოფალმა ქვეყნის მმართველობის სადავეები მას გადააბარა, თვითონ კი წმიდა ევფროსინიას სავანეში განმარტოვდა და საღვთო წიგნების კითხვის ღვაწლს მიეცა (ცნობილი მისი ხელით გადაწერილი სახარება). წმიდა თეოდორა გარდაიცვალა დაახლოებით 867 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.