წმიდა პროხორე დაიბადა დაახ. 985-990 წელს. წმიდანი ბავშვობიდანვე მონასტერში აღიზარდა. ყოველმხრივ გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მონაზვნად აღკვეცეს პროხორეს სახელით, და მალე მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. დაახ. 1010-1015 წლიდან წმიდანი იერუსალიმში წავიდა საბას ლავრაში. შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ძის ბრძანებით, მან „იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯუარისა მონასტერი".
გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისთვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა IV საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისთვის (ხს. 1 ოქტომბერს). V საუკუნეში ვახტანგ გორგასალს (ხს. 30 ნოემბერს) აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც VII-XI საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ.
მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფემ ბაგრატ კურაპალატმა.
ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც საბაწმიდის ლავრის მსგავსი წესი და კანონი განუჩინა.
წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისგან სხეული მოუუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ, დაახ. 1066 წელს სული უფალს შეავედრა.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.