უკან დაბრუნება

წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277);

წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა წმიდა ლუკა ოცი წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა, ისიც მონაზვნად აღიკვეცა და მალე დიაკვნადაც აკურთხეს. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს „ორკერძოჲვე სიბრძნე“ და სიწმიდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს სამი წლის განმავლობაში.

კაცთა წაწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღენთო ღვთის სათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ჴიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ ბოროტი სპარსელი „ვითარცა მხეცი, მიუდგა ძმათა ჩუენთა ქართველთა და არარაჲთ შეარჩინა“. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: „შეხ ხიდარი გემუქრება, ამიტომ გაიქეცი და დაიმალეო“. ლუკამ ყურადღება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით, წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესთვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა „რათა განუტევოს მამანი და მისგან ითხოვოს, რაჲთა უნებს“. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრისტიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და „ტაძრის თავადობა“ აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ მტკიცედ აღიარა შახის წინაშე ქრისტიანობა. უარით განაწყენებულმა და გულისწყრომით აღვსილმა შახმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის.

სასჯელის აღსრულების შემდეგ ლუკას წმიდა მოკვეთილი თავი აღმოსავლეთით შებრუნდა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმიდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს.

„ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.