უკან დაბრუნება

სვიმეონ მირონმდინარისა, სერბეთის მეფისა (1200).

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთის მეფე XII საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი ჟუპანი (მთავარი) იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუპოვა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის თუ სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათონს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს - ღირს საბას (ხს. 12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ახოვანი მოსაგრე და ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. ნეტარი მოღვაწის უხრწნელი ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. წმიდა საბამ მამის ნეშტი გადმოასვენა და მდინარე სტუდენცის ნაპირას მდებარე ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.