უკან დაბრუნება

ღირსისა ავქსენტისა (დაახ. 470);

ღირსი ავქსენტი, წარმოშობით სირიელი, იმპერატორი თეოდოსი უმცროსის (418-450) კარზე მსახურობდა. ის ცნობილი იყო, როგორც კეთილმსახური, განსწავლული და ბრძენი ადამიანი და თავის თანამედროვე ბევრ მაღალსულიერ მოსაგრესთან მეგობრობდა.

ამსოფლიურ ამაოებათაგან სულდამძიმებული ავქსენტი განერიდა სასახლის კარის ცხოვრებას, ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ამის შემდგომ ის ბითვინიაში წავიდა, ქალკედონის მახლობლად, ოქსის მთაზე ერთი განკრძალული ადგილი ჰპოვა და იქ დაეყუდა (შემდგომში ამ მთას ავქსენტისა ეწოდა). ნეტარი მამა შემთხვევით გადააწყდნენ მწყემსები, რომლებიც გზააბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და ამის შემდეგ წმიდანთან შემწეობის სათხოვნებლად სიარულს მოუხშირეს სნეულებმა თუ სულიერად შეჭირვებულებმა. ღვთის მადლით საკვირველთმოქმედი მამა მრავალ კურნებას აღარსულებდა.

451 წელს წმიდა აქვსენტის IV მსოფლიო კრებაზე მოუწოდეს ქალკედონში, სადაც მან გაბედულად და დამაჯერებლად ამხილა ევტიქისა და ნესტორის ერესები. წმიდა წერილში ღრმად ჩახედულმა მამამ ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგეები. კრების დამთავრების შემდეგ ავქსენტი დაუბრუნდა თავის განკრძალულ კელიას. სულიერი მზერით მან განჭვრიტა წმიდა სვიმეონ მესვეტის (+459) ნეტარი აღსასრული.

ღირსი ავქსენტი გარდაიცვალა დაახლოებით 470 წელს. წმიდანმა ბითვინიის ოლქში დააარსა ბევრი მონასტერი, სადაც მისი მრავალი მოწაფე მოღვაწეობდა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.