უკან დაბრუნება

წმ. აბრაამისა, კარიელი ეპისკოპოსისა (V);

წმიდა აბრაამი, კარიელი ეპისკოპოსი IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ კვიროსში დაიბადა და სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა. შემდგომში წმიდანმა მოღვაწეობის ადგილად ლიბანის მთები აირჩია და აქ განდეგილი ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. ღირს აბრაამს ხშირად უხდებოდა დაეთმინა წარმართთა გამოხდომები. უღმრთოები ნეტარი ბერის განდევნას ცდილობდნენ თავიანთი მიწებიდან; მის მყუდროებას ხშირად არღვევდნენ მახლობელი სოფლის გლახაკი მცხოვრებლებიც, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ამოდიოდნენ მასთან, მაგრამ უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მათ სტუმრობებს და უშურველად გასცემდა ყველაფერს, რასაც სწირავდნენ. როცა ამ სოფლის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა ტაძარი ააშენეს, მხურვალედ სთხოვეს წმიდა აბრაამს, სამღვდელო ხელდასხმა მიეღო და მათი მოძღვარი გამხდარიყო. ღირსი მამა დაჰყვა მვედრებელთა ნებას, სულიერად განამტკიცა მრევლი, ხოლო შემდეგ თავის ნაცვლად მათ სხვა მოძღვარი დაუდგინა, თვითონ კი მონასტერს დაუბრუნდა. კეთილმსახურებით გამორჩეული მოსაგრე კარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდანი სამწყსოს გულმოდგინედ ასწავლიდა ღვთივსავნო ცხოვრებას და თავადვე აძლევდა თავშეკავების მაგალითს. იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ეპისკოპოსთან შეხვედრა მოიწადინა და მას თან კარზე მოუხმო. კონსტანტინოპოლში ჩასული წმიდა აბრაამი მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი პატივით გადასვენდა ქალაქ კარში და იქვე დაიკრძალა.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.