წმიდა მოციქულთასწორი კირილე, სლოვენთა მოძღვარი (სქემის შემოსვამდე -კონსტანტინე) და მისი უფროსი ძმა მეთოდე (ხს. 6 აპრილს), წარმოშობით სლავები, მაკედონიის ქალაქ სოლუნში დაიბადნენ. კირილემ, რომელიც 14 წლის ასაკიდან იმპერატორის ძესთან ერთად იზრდებოდა, ბრწყინვალე განათლება მიიღო, რის შემდეგაც იგი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ხუცესად აკურთხეს. კონსტანტინეპოლში დაბრუნებული კირილე საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკარი და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. წმიდანი სარწმუნოების საკითხებზე წარმატებით ეკამათებოდა ხატმებრძოლ ერეტიკოსებს და მაჰმადიანებს. განმარტოებისკენ მიდრეკილმა ღირსმა მამამ ოლიმპოს მთას მიაშურა, სადაც მისი ძმა, მეთოდე მოღვაწეობდა, მაგრამ მისი განდგომა ამ ცხოვრებისგან ხანგრძლივი არ აღმოჩნდა: 857 წელს ძმა იმპერატორმა მიხეილმა ხაზართა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა.
გზად ისინი ხერსონესში გაჩერდნენ, სადაც რომის პაპის, წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტის ნაწილები აღმოიყვანეს. კირილეს და მეთოდეს მისიონერული მოგზაურობა ხაზარეთში მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მეფემ და, მასთან ერთად, მთელმა ერმა ქრისტიანობა მიიღო. მადლიერ ხელმწიფეს სურდა, უხვი ძღვენით დაეჯილდოვებინა მქადაგებლები, მაგრამ წმიდანებმა საჩუქრებზე უარი სთქვეს და ბერძენი ტყვეების განთავისუფლება ითხოვეს მისგან. წმიდა კირილე კონსტანტინეპოლში ტყვეობისგან გამოხსნილ 200 ადამიანთან ერთად დაბრუნდა.
862 წელს დაიწყო ნეტარი ძმების მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპი: მთავარ როსტისლავს თხოვნით, იმპერატორმა მორავიაში სლავურ ენაზე ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა ძმები. კირილემ და მეთოდემ ღვთაებრივი გამოცხადებით სლავური ანბანი შექმნეს და ამ ენაზე თარგმნეს სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა მრავალი საღვთისმსახურო წიგნი; ღვთისმსახურებაც სლავურ ენაზე განაწესეს. შემდეგ ძმები, რომის პაპის მიწვევით, რომში ჩავიდნენ. პაპი ადრიანე II წმიდანებს დიდი პატივით შეხვდა, მათ თან მღვდელმოწამე კლიმენტის, რომის პაპის ნაწილებიც ჩამოასვენეს. ხორციელად ძლიერ სუსტი კირილე მძიმე და დაუცხრომელმა ღვაწლმა მალე მოტეხა: იგი დაავადდა და სქემის მიღების შემდეგ, 869 წელს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან ძმას დაუბარა, განეგრძო სლავების ქრისტიანულ განათლება. ნეტარი კირილე დაკრძალულია რომში წმიდა კლიმენტის სახელობის ტაძარში.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.