მღვდელმოწამე ერმოგენი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი დონელი კაზაკების ჩამომავალი იყო. იგი ჯერ ხუცესად მსახურობდა ყაზანში, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის არქიმანდრიტად იქნა დადგენილი. 1589 წელს ერმოგენს ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი და იგი პირველი ყაზანელი მიტროპოლიტი გახდა.
წმიდანის ყაზანში მსახურების წლებში მოხდა ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის გამოჩინება.
1606 წლის 3 ივლისს წმიდა ერმოგენი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.
წმიდა ერმოგენის პატრიარქობის წლებს დაემთხვა რუსეთში ცრუ-დიმიტრისა და პოლონეთის მეფის, სიგიზმუდ III-ის შემოჭრა. წმიდა ერმოგენი თანამემამულეებთან ერთად აღსდგა ქვეყნის და ეკლესიის დასაცავად. 1610 წლის 11 დეკემბერს თვითმარქვია მოკლეს, მაგრამ მოსკოვი კვლავინდებურად საფრთხეში იყო: შიგ პოლონელები და სიგიზმუდ III-ის ერთგული, მოღალატე ბოიარები პარპაშებდნენ. პატრიარქ ერმოგენის მიერ მთელი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ეპისტოლეები რუს ხალხს მოსკოვის განთავისუფლებისა და კანონიერი მეფის არჩევისკენ მოუწოდებდა. მოსკოველებმა ამბოხი დაიწყეს, პოლონელებმა კი პასუხად ცეცხლს მისცეს ქალაქი და კრემლში გამოიკეტნენ. მათ მოღალატეების დახმარებით პატრიარქი ერმოგენი ტახტიდან ჩამოაგდეს და გუშაგთა ზედამხედველობის ქვეშ ჩუდოვის მონასტერში გამოამწყვდიეს. ალყაშემორტყმული პოლონელები წმიდა პატრიარქთან ელჩებს ელჩებზე გზავნიდნენ და ითხოვდნენ, რუსი მოლაშქრეებისათვის ქალაქის დატოვება ებრძანებინათ. მღვდელმთავარი პასუხობდა: „რას მემუქრებით? მე მხოლოდ ღვთისა მეშინია. თუ თქვენ გახვალთ მოსკოვიდან, მე მოვუწოდებ რუს მხედრობას, რომ დატოვონ ქალაქი, მაგრამ თუ დარჩებით, ვაკურთხებ მათ, რომ წინ აღიდგნენ და მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად სისხლი დასთხიონ“. პატრიარქმა ერმოგენმა რუს ხალხს უკანასკნელი ეპისტოლე უკვე საპყრობილედან გამოუგზავნა: იგი აკურთხებდა მათ განმანთავისუფლებელ ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. რუსმა მხედარმთავრებმა ურთიერთშეუთანხმებელი მოქმედების გამო ვერ შეძლეს კრემლის აღება და ერის სულიერი მამის განთავისუფლება. ცხრა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იტანჯებოდა იგი სატუსაღოში, სადაც 1612 წლის 17 თებერვალს შიმშილისგან ძალაგამოცლილი მოწამეობრივად აღესრულა.
რუსი ხალხის განმანთავისუფლებელი ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდა. მღვდელმოწამის ცხედარი მადლიერმა ხალხმა ჩუდოვის მონასტერში დაკრძალა, იქიდან კი, 1654 წელს, მოსკოვის მიძინების ტაძარში გადაასვენა. წმიდა პატრიარქის კანონიზაცია მოხდა 1913 წლის 12 მაისს.
„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.